"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, 2023 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი ლისსა და საგურამოში გაიყიდა.
მიმდინარე წლის ექვს თვეში თბილისის თბილისის შემოგარენში ყველაზე ძვირი მიწის ნაკვეთი წყნეთში იყო, სადაც კვადრატული მეტრის ფასმა $228-ს მიაღწია. წყნეთის შემდეგ ყველაზე ძვირი მიწის ნაკვეთი ოქროყანასა ($177) და თხინვალაში ($110) ღირდა.
ლისის ტერიტორიაზე გაყიდული ნაკვეთების ფართობი ძირითადად 2 ათას კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. ორგანიზაციის ცნობითვე, ნაკვეთების საშუალო ფასმა 86 $/კვ.მ შეადგინა.
რაც შეეხება საგურამოს, 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდული ნაკვეთების 55%-ის ფართობი ათასი კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო საშუალო გასაყიდი ფასი კი 2000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 65 $/კვ.მ შეადგინა.
ტაბახმელაში საშუალო გასაყიდი ფასი 2 ათას კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 68 $/კვ.მ-ს გაუტოლდა.
წყნეთში კი გაყიდული ნაკვეთების ფართობი ძირითადად 2 ათას კვადრატულ მეტრზე ნაკლებია, რომელთა გასაყიდი ფასი 220 $/კვ.მ-ს აღემატებოდა.
რაც შეეხება კოჯორს, 2023 წლის პირველ ნახევარში კოჯორში გაყიდული ნაკვეთების 67%-ის ფართობი ათას კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000 კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 31% შეადგინა. საშუალო გასაყიდი ფასი კი 2 ათას კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 71 $/კვ.მ იყო.
TBC Capital-ის ცნობითვე, თბილისის შემოგარენში გაცემული ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ნებართვები უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებს მიჰყვება. 2019 წლიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, ყველაზე მეტ საცხოვრებელ ფართობზე სამშენებლო ნებართვა გაცემულია წავკისში (27%), შემდეგ მოდის წყნეთი (18%) და ტაბახმელა (13%).