მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის შემოვლით გზაზე ADB-სთან გაფორმებული $250-მილიონიანი სესხი რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარედგინება

გზები

თბილისის შემოვლით გზაზე ADB-სთან გაფორმებული $250-მილიონიანი სესხი რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარედგინება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

მთავრობის განკარგულების თანახმად, პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარდგენილია „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება თბილისის შემოვლითი გზის პროექტის მე-4 და მე-5 ლოტები“.

საპარლამენტო განხილვებისას მომხსენებლებად საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დაინიშნენ.

ცნობისთვის

მთავრობის მიერ თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მე-4 და მე-5 ლოტების საერთაშორისო ტენდერების დასრულების ვადა 14 სექტემბრამდეა გახანგრძლივებული. აღნიშნული მონაკვეთების დაფინანსება ADB-ის კრედიტით იგეგმება, ხოლო ორივე ლოტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 250 მილიონ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო ტენდერები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2026 წლის 19 ივნისს გამოაცხადა. თავდაპირველი პირობებით, დაინტერესებულ კომპანიებს ინტერესის გამოხატვა 3 აგვისტომდე შეეძლოთ.

მე-4 ლოტი დაახლოებით 8.7-კილომეტრიან აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთს მოიცავს და თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მე-5 ლოტი, ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთი, 10.2 კილომეტრის სიგრძისაა და შემოვლითი გზის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენს.

სამუშაოების დაწყებიდან მე-4 ლოტის მშენებლობის ვადა 30 თვე, ხოლო მე-5 ლოტის — 20 თვეა.

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის, E60-ის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მიზანია სატრანზიტო ნაკადების გადაადგილების გაუმჯობესება, თბილისში სატრანსპორტო დატვირთვის შემცირება, მგზავრობის დროის შემცირება და რეგიონული და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება.

პროექტის მე-2 და მე-3 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურებიც მიმდინარეობს.

2025 წლის დეკემბერში გამოცხადებულ წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 490 მილიონი ლარია, ამ ეტაპზე წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს და არცერთ მონაწილეს 490 მილიონ ლარზე დაბალი ფასი არ დაუფიქსირებია.

რაც შეეხება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთს, ტენდერში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო. მისი სავარაუდო ღირებულება 932 მილიონი ლარია. წინადადებების შეფასება ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს. დაფიქსირებული მინიმალური ფასი 950 მილიონი ლარია, მაქსიმალური კი — 1.16 მილიარდი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები