მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისის თამბაქო": თამბაქოს მულტინაციონალური ბრენდები წლების განმავლობაში თამბაქოს ყიდიდნენ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად

58ac263d81bbd
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.17 15:45
3525
თამბაქოს ადგილობრივი ბრენდის "თბილისის თამბაქოს" გენერალური დირექტორი "ბიზნესკონტრაქტთან" იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სიგარეტების საერთაშორისო ბრენდს "ფილიპ მორისს" სასამართლოში უჩივლეს და რის გამოც საქალაქო სასამართლომ თამბაქოს მწარმოებელი 90 მილიონი ლარით დააჯარიმა.

დაახლოებით ერთი წლის წინ სიგარეტის ქართულმა მწარმოებელმა საერთაშორისო კომპანიას თამბაქოს შესახებ კანონის მე-5 მუხლის დარღვევისთვის უჩივლა, რაც კრძალავს უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად თამბაქოს რეალიზაციას. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წლების განმავლობაში დემპინგური ფასების გამო "თბილისის თამბაქომ" ბაზრის დაახლოებით 50% დაკარგა და მილიონობით ლარის ზიანი მიადგა, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ადასტურებს.

"თამბაქოს მულტინაციონალური ბრენდები წლების განმავლობაში ახდენდნენ თამბაქოს რეალიზაციას თვითღირებულებაზე ნაკლებ თანხად. ეს არის კანონის პირდაპირი დარღვევა და ამის შედეგად ჩვენ მოგვადგა სერიოზული ფინანსური ზარალი, დავკარგეთ ბაზრის საკმაოდ დიდი სეგმენტი",- აცხადებს ზვიად მუკბანიანი.

"თბილისის თამბაქოს" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ "ფილიპ მორისთან“ დავაში საუბარია, დემპინგური ფასების დაწესებაზე კონკრეტული ბრენდის სიგარეტებზე. ესაა ძირითადად დაბალ სეგმენტზე გათვლილი ბრენდები - "ბონდი", "ელ-ემის“ ზოგიერთი სახეობა და ა.შ. რაც უშუალო კონკურენციაშია "თბილისის თამბაქოს" მიერ წარმოებულ ზოგიერთ ბრენდთან. ზვიად მუკბანიანი აცხადებს, რომ ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს კვლევაშიც იყო საუბარი, რომელიც კომპანიებს გადაეგზავნათ. უნდა ითქვას, რომ კონკურენციის სააგენტოს ვებ-გვერდზე მონიტორინგის მხოლოდ მცირე ვარიანტია გამოქვეყნებული, რომელშიც წერია, რომ ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები არ შეინიშნება. სრული ვარიანტი, რომელზეც ბიზნესმენი მიუთითებს, საიტზე არ ჩანს.

"ეს არის ანტიმონოპოლიური სამსახურის კვლევა, სადაც ყველა კომპანიას, მათ შორის ჩვენც, გვთხოვეს გაგვეგზავნა ინფორმაცია, რა გვიჯდებოდა პროდუქციის წარმოება, რამდენი კოლოფი პროდუქცია გავყიდეთ და რა ფასში მოხდა მათი რეალიზაცია. "ფილიპ მორისი" აპელირებს დასკვნით, რომელიც მეც მაქვს ნანახი და სადაც წერია, რომ "ფილიპ მორისი" ამ წლების განმავლობაში სიგარეტის კონკრეტულ ბრენდს ყიდიდა იმაზე უფრო იაფად, ვიდრე ეს უჯდებოდა", - აცხადებს ზვიად მუკბანიანი.

კითხვაზე, რატომ არ შეიტანა სარჩელი "თბილისის თამბქომ“ "OGT-სთან“ ერთად, რომელიც თავის მხრივ თამბაქოს საერთაშორისო ბრენდ "ბრიტიშ ამერიქან ტობაკოს" ედავება, ზვიად მუკბანიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მათი თანამშრომლობა ვერ შედგა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ "ფილიპ მორისისა" და "ბრიტიშ ამერიქან ტობაკოს" წინააღმდეგ დაახლოებით 90-მილიონიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება 10 თებერვალს გამოიტანა. მომჩივანი მხარეები ქართული კომპანიები "თბილისის თამბაქო" და "ო-ჯი-თი" იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები