თბილისის თიზ-ში 100-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული,- ამის შესახებ bm.ge-ს თავისუფალი ინდსუტრიული ზონის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე კომპანიის შემოსვლა იგეგმება. ტაბიძის ინფორმაციით, თიზ-ში ოპერირებით ძირითადად მეზობელი ქვეყნების კომპანიები ინტერესდებიან.
„ინფრასტრუქტურის სამუშაოები ამ წუთას დასრულებულია, თუმცა, ახლა მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, როგორც ჩვენი სასაწყობე მეურნეობების, ასევე იმ კომპანიების, რომლებიც თავად აშენებენ ამ მეურნეობებს.
წლის ბოლომდე რამდენიმე ახალი კომპანია შემოვა თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. საუბარია სხვადასხვა სფეროებზე, თუმცა, ძირითადად აქ არის - ფარმაცევტული წარმოება, მსუბუქი მრეწველობა, ლოჯისტიკა, სავაჭრო ოპერაციები.
Bitfury-ის გარდა არის რეგისტრირებული 100-მდე კომპანია, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ სავაჭრო ოპერაციებს. ხდება საქონლის მიწოდება თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან“,- აცხადებს გიორგი ტაბიძე.

























