მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის თიზ-ში სანქცირებული კრიპტოკომპანიები არ ოპერირებენ“ - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განცხადებას ავრცელებს

თიზი

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) ბოლო პერიოდში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობების ნაწილი სინამდვილეს არ შეესაბამება.

როგორც თიზ-ის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სანქცირებული კრიპტოკომპანიები არ ოპერირებენ, ხოლო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამგვარი კომპანიების საქმიანობის შესახებ მცდარია.

ამასთან, თიზ-ის განმარტებით, გავრცელებულ მასალებში ნაჩვენები ობიექტი, რომელიც მოქმედ ინფრასტრუქტურად არის წარმოდგენილი, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს და მისი დემონტაჟიც დასრულებულია.

"ბოლო პერიოდში თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, თბილისის თიზ-ი საჭიროდ მიიჩნევს რამდენიმე საკითხის დაზუსტებას.

თბილისის თიზ-ში სანქცირებული კრიპტოკომპანიები არ ოპერირებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სანქცირებული კრიპტოკომპანიები ამჟამად თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობენ, არ შეესაბამება სინამდვილეს.

სიუჟეტში ნაჩვენები ობიექტი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს.
ობიექტი, რომელიც გავრცელებულ მასალებში მოქმედ ინფრასტრუქტურად არის წარმოჩენილი, დღეისათვის უმოქმედოა და დასრულებულია მისი დემონტაჟიც.

არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, სანქცირებული კომპანიების კავშირზე მაინინგ კომპანიებთან.
ამგვარი კავშირის შესახებ გავრცელებული ვარაუდები არ არის გამყარებული ფაქტობრივი მტკიცებულებებით და არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, კრიპტო მაინინგი თიზ-ში ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ერთ ობიექტს რომელიც მილევად რეჟიმშია და არ აქვს კავშირი სიუჟეტში ნახსენებ კომპანიასთან", - წერია განცხადებაში.

თბილისის თიზ-ი ასევე ეხმაურება ელექტროენერგიის ღირებულებასა და დღგ-ის თემას. განცხადების თანახმად, „თიზ-ების შესახებ“ 2007-2008 წლებიდან მოქმედი კანონმდებლობით, ზონაში ელექტროენერგიის მიწოდება ექსპორტად განიხილება და გათავისუფლებულია დღგ-სგან. ამასთან, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დღგ მომხმარებლისთვის რეალურ ხარჯს არ წარმოადგენს, ვინაიდან მასზე ჩათვლის უფლება მოქმედებს. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს დღგ-ის რეჟიმი თიზ-ის კომპანიებს ავტომატურად 18%-იან უპირატესობას აძლევს, არასწორია.

" არასწორია ელექტროენერგიის ღირებულებასთან და დღგ-სთან დაკავშირებით გავრცელებული ინტერპრეტაციაც.
თიზ-ების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც 2007-2008 წლებიდანაა დამკვიდრებული, საქართველოდან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში პროდუქციის, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდება განიხილება როგორც ექსპორტი, შესაბამისად იგი გათავისუფლებულია დღგ-სგან, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის დღგ არ წარმოადგენს რეალურ ხარჯს, ვინაიდან მასზე კანონმდებლობით ვრცელდება ჩათვლის უფლება. შესაბამისად, საკითხის წარმოჩენა ისე, თითქოს დღგ-ს რეჟიმი თბილისის თიზ-ში მოქმედ კომპანიებს ავტომატურად 18%-იან უპირატესობას აძლევს ელექტროენერგიის შესყიდვისას, არასწორია.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაზე, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2023 წლიდან, ახალი მფლობელის პირობებში, თბილისის თიზ-ში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარება და მაღალი ხარისხის ბიზნეს ეკოსისტემის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ზონაში ამუშავდა 15 ახალი საწარმო, გადამამუშავებელი და სასაწყობო პროექტი, ამოქმედდა 12 ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი და მოზიდულია 70 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია.

თბილისის თიზ-ის პრიორიტეტია კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედი ინვესტორებისა და ბიზნესპროექტების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

თბილისის თიზ-ის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ასევე სოციალური მედიის არხებზე (Facebook; LinkedIn) და აქტიურად ახლდება. თიზ-ი ასევე მზადაა მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გასცეს დეტალური და გადამოწმებადი ინფორმაცია", - წერს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები