თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ოპერირების სტრატეგიას ცვლის და მსხვილი ინვესტორების ნაცვლად მცირე საწარმოო კომპანიებზე ხდება ორიენტირებული. როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" თიზის ხელმძღვანელი, გიორგი ტაბიძე განმარტავს, "თიზი" თავიდან გათვლილი იყო დიდ კომპანიებზე, რომლებიც თავად შექმნიდნენ ინფრასტრუქტურას და განახორციელებდნენ ინვესტიციებს, თუმცა დაინტერესება ხდება მცირე ზომის კომპანიების მხრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ინფრასტრუქტურას არა ინვესტორი, არამედ თიზი შექმნის.
"პარალელურად მაინც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა ფარმაცევტული და ტექსტილის კომპანიები, თუმცა დაინტერესება არ არის იტენსიური. ელოდებიან პოლიტიკური სიტუაციის გადაწყვეტას, ერთ-ერთი მიზეზია საკანონმდებლო ბაზის დაუხვეწაობა, რადგან როცა ინვესტირებას ახდენ, უძრავი ქონება ვერ იქნება შენი საკუთრება, ეს უნდა იყოს თიზის ადმინისტრაციის საკუთრება, რა პირობაზეც ინვესტორები არ მოდიან", - აცხადებს გიორგი ტაბიძე.
მისი თქმით, სტრატეგიის ცვლილებამ დრო დააკარგინათ, თუმცა გათვლები უკვე გაკეთდა და თიზის ადმინისტრაცია თავად მოახდენს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაზეც ჯამში 6 მილიონ დოლარი დაიხარჯება.
გიორგი ტაბიძეს თქმით, წინასწარი მემორანდუმი დაახლოებით 8 კომპანიასთან გაფორმდა და მომავალი წლიდან თიზში ოპერირებას ლოჯისტიკის, ვაჭრობის, ტექსტილის და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები დაიწყებენ.
შეგახსნებთ, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გასული წლის დეკემბერში გაიხსნა. ამ დროისთვის თიზში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. თიზის პირველი მოიჯარე საინვესტიციო კომპანია "BitFury"-ია, რომელმაც იქ "დატა ცენტრი" გახსნა.

























