მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელმა ქარხანამ პირველი შეკვეთა უკვე მიიღო

5982bac444aa7
BM.GE
03.08.17 10:00
2386
თვითმფრინავების ნაწილების მწარმებელი ქარხანა თბილისში მუშაობას 2019 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს. „საპარტნიორო ფონდში“ „საქმის კურსს“ უთხრეს, რომ 2018 წლის მესამე-მეოთხე კვარტალში პირველადი სერტიფიცირებაა დაგეგმილი, რის შემდეგაც ქარხანა წარმოებაზე 2019 წლიდან გადავა.

სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელმა ქარხანამ (ATC) მისი თანამეპატრონის Elbit-Cyclone-ის მეშვეობით, უკვე მიიღო კომპოზიტური ნაწილების პაკეტის შეკვეთა საავიაციო ინდუსტრიის ერთერთი წამყვანი ორიგინალური აპარატურის მწარმოებლისგან.

მწარმოებლის ვინაობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია.

ქარხანაში 2018 წელს 70 ადამიანი დასაქმდება, 2019 წელს კი - 120. საპარტნიორო ფონდში ამბობენ, რომ ATC-მ 35 კადრი უკვე გაუშვა ისრაელში, Elbit–Cyclone-ში შესაბამისი სპეციალიზაციით ტრენინგების გასავლელად. ქარხნის გახსნამდე, იგეგმება ყველა კადრის გადამზადება, ხოლო ქარხნის გახსნის შემდეგ, სპეციალისტები თავად ჩამოვლენ საქართველოში ტრენინგების ჩასატარებლად.

პროექტს Elbit Cyclone საქართველოს საპარტნიორო ფონდთან“ პარტნიორობით ახორციელებს. ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაეყარა. ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური მასალისაგან დამზადებული დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები.

საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, როგორებიცაა: Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები