ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე თბილისის ვიცე-მერი გახდა - ინფორმაცია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გააჟღერა.
ქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძის წარდგენისას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტყემალაძე „გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია“ და მას „დიდი წარდგენა არ სჭირდება“.
„ის წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია“, — აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, ტყემალაძეს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებში, როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლის პოსტს ის ორი მოწვევის განმავლობაში იკავებდა.
„ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. ის წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს. მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომდევნო წლებისთვის ჩვენი ქალაქისთვის, რომლის შესახებაც ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. გიორგიმ კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.
ტყემალაძემ პოსტზე ირაკლი ხმალაძე შეცვალა, რომელიც "ოცნების" მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გასულ კვირას გახდა.
გიორგი ტყემალაძე 2021 წლიდან დღემდე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.




























