თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისში სამი ახალი საბაგირო დერეფანი მოეწყობა, რომლებიც ისანს ვაზისუბანთან, სარაჯიშვილს ზღვისუბანთან, ხოლო მ/ს "სამგორს" ასევე ვაზისუბანთან დააკავშირებს. ამის შესახებ ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
"საბაგიროს ტრადიცია ჩვენს ქალაქში არსებობს. ბოლო წლებში მათი რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. ამ შემთხვევაში კი საბაგიროს ეძლევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია. ეს სამი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით დიდი შეღავათი იქნება ადგილობრივებისთვის. ასევე, აღნიშნული საბაგირო დერეფნის მოწყობა ირიბად იქნება დაკავშირებული ავტობუსების, მიკროავტობუსების გამოთავისუფლებასთან", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ახალი საბაგირო დერეფნები იქნება: ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბანი, სარაჯიშვილი-ზღვისუბანი, მ/ს „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
ვიცე-მერს პროექტის განხორციელების ვადები ან დაფინანსებასთან დაკავშირებული დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს, ესენია: კუს ტბის, რიყისა და ფუნიკულიორის.




























