თბილისის წიგნის ფესტივალი წელს ვირტუალურად გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაციის გადაწყვეტილებით, წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უნდა ჩატარებულიყო სექტემბერში გაიმართება, მაისში კი წიგნის ვირტუალური ფესტივალი ჩატარდება.
„ძვირფასო წიგნის ფესტივალის გულშემატკივრებო! ორი მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს!
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უმთავრესი ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელსაც ათასობით მკითხველი ყოველ გაზაფხულზე მოუთმენლად ელის. წელს, მსოფლიო პანდემიამ გეგმები შეგვაცვლევინა.
ფესტივალის პარტნიორებთან, სპონსორებთან და მონაწილეებთან შეთანხმებით, GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია-მ გადაწყვიტა, რომ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება 2020 წლის 24-27 სექტემბერს.
მაგრამ, სანამ სექტემბერი დადგება, გადავწყვიტეთ ტრადიციულ დროს მაინც შევიკრიბოთ, ოღონდ ამჯერად ონლაინ სივრცეში.
30 და 31 მაისი - თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი!
თქვენ გელოდებათ განსაკუთრებული პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა შესანიშნავი ფასდაკლებებით!“, - წერია ასოციაციის განცხადებაში.