მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისი

თბილისის ყველაზე იაფ უბანშიც კი იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი, ქირა კი ოჯახების 90%-ისთვის ხელმიუწვდომელია. ეს ერთ-ერთი მიგნებაა, რომელსაც პროგრესული ფორუმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის კვლევა აჩვენებს.

კვლევა მიმოიხილავს, 2025 წლის მდგომარეობით, საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს შორის, ვის შეუძლია თბილისში საცხოვრებლის შეძენა მიმდინარე ფასებისა და შემოსავლების პირობებში.

მიგნებების თანახმად:

  • ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი თბილისში 55 მ² ბინის იპოთეკა ყველაზე იაფ უბანში.
  • ოჯახების 60%-ისთვის თბილისის ყველაზე იაფ უბანში 55 კვ.მ ბინის იპოთეკის თვიური შენატანი მათ მთლიან თვიურ შემოსავალს აღემატება. ოჯახების 85% ვერ აიღებს იპოთეკას ყველაზე იაფი უბნის 55 კვ.მ ბინაზე, რადგან შენატანი შემოსავლის 50%-ს აღემატება, რაც ეროვნული ბანკის ზღვარია.
  • ყველაზე ძვირად ღირებულ უბანში, ვაკეში იპოთეკა ბინაზე ხელმისაწვდომია მაქსიმუმ 36 000 (3%) ოჯახისთვის.
  • მხოლოდ 14.2 კვ.მ ბინის იპოთეკა არის ხელმისაწვდომი ქვეყნის მედიანური, ანუ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახისთვის სამგორში.
  • 5.5 წელი სჭირდება მედიანური შემოსავლის მქონე ოჯახს, რომ დაზოგოს შემოსავლის 30% თბილისის ყველაზე იაფ უბანში ბინის ყიდვისას 20%-იანი პირველადი შენატანის დასაგროვებლად. ხოლო ამის შემდეგ ყოველთვიური იპოთეკა მისი შემოსავლის 97%-ს წაიღებს.

კვლევის თანახმად, იმისათვის, რომ თბილისის ყველაზე იაფ რაიონში მდებარე ბინის იპოთეკის ყოველთვიური შენატანი ოჯახის ყოველთვიური შემოსავლის 30%-ს არ ასცდეს, ოჯახს შემოსავალი მინიმუმ 6,732 ლარი უნდა ჰქონდეს, რაც შინამეურნეობების მედიანურ შემოსავალზე 4.1-ჯერ მეტია. ხოლო თბილისის ყველაზე იაფ რაიონში მდებარე ბინის იპოთეკის ყოველთვიური შენატანი ოჯახის შემოსავლის 50%-ს რომ არ აღემატებოდეს, ეს შემოსავალი მინიმუმ 4,039 ლარი უნდა იყოს, რაც მედიანურ შემოსავალზე 2.4-ჯერ მეტია.

რაც შეეხება ქირას:

  • ოჯახების 90%-ისთვის ხელმიუწვდომელია 55 კვ.მ ბინის დაქირავება ყველაზე იაფ უბანში (მკაცრი საერთაშორისო სტანდარტით)
  • ოჯახების 30%-ის შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე თბილისის ყველაზე იაფ უბანში 55 კვ.მ ბინის ქირა.
  • თვეში 490 ლარი რჩება მედიანურ ოჯახს ქირის გადახდის შემდეგ ყველაზე იაფ უბანშის, რაც ორი ადამიანის მინიმალურ სასურსათო კალათაზე ნაკლებია.
  • თვეში მაქსიმუმ 339 ლარი რჩება დაბალშემოსავლიან ოჯახებს 35 კვ.მ სტუდიოს დაქირავების შემთხვევაში.
  • 2022-2025 წლებში 0%-ით შეიცვალა საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა.

"როგორც კვლევა ცხადყოფს, თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკით ბინის ყიდვა მიუწვდომელია შინამეურნეობების უმრავლესობისთვის. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელია ბინის ქირაობაც. დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, ქალაქში ყველაზე იაფი ქირა მათ მთლიან შემოსავალს შთანთქავს, ხოლო მედიანური შემოსავლის მქონე შინამეურნეობას ქირის გადახდის შემდეგ საკვებისთვის ძლივს რჩება თანხა. საყურადღებოა ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმისაწვდომობის კუთხით არაფერი შეცვლილა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვლევის შედეგები გამიზნულად კონსერვატიულადაა დათვლილი. ამიტომ რეალური მდგომარეობა, სავარაუდოდ, უფრო მძიმეა.

ხელმისაწვდომობის კრიზისის გადასაჭრელად, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს საბინაო პოლიტიკა და სტრატეგია. ამისთვის საჭიროა საბინაო საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, კანონით დადგენილი განმარტება იმისა, თუ რა ითვლება ადეკვატურ და ხელმისაწვდომ საცხოვრებლად და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ინდიკატორების საფუძველზე არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენა", - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევა თბილისის ბინების ხელმისაწვდომობის დასადგენად იყენებს სამ სხვადასხვა ზღვარს: გაეროს ადამიანის დასახლებების პროგრამისა (UN-Habitat) და აშშ-ის საბინაო და ურბანული განვითარების დეპარტამენტის (HUD) სტანდარტს, რომელიც ხელმისაწვდომად თვლის ბინას, თუ შინამეურნეობის მხრიდან ბინაზე გაწეული ხარჯი არ აღემატება მისი შემოსავლის 30%-ს; ევროკავშირისა (EU) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სტანდარტს, რომელიც ხელმისაწვდომად მიიჩნევს ბინას, რომლის ხარჯიც არ აღემატება შინამეურნეობის შემოსავლის 40%-ს; და ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციულ ჭერს, რომელიც კრედიტორისთვის დაშვებული მაქსიმუმის საზომია და შემოსავლების 50%-იან ზღვარს გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები