მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ზღვაზე სარეკრეაციო სივრცის პროექტზე "ქართუმ" და ბრიტანულმა Leisure Development Partners-მა მემორანდუმი გააფორმეს

კალაძე ქართუ

თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმების საგანია თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნა.

ხელშეკრულებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და Leisure Developmennt Patners-ის წარმომადგენელმა ნატალი ბახლინმა მოაწერეს ხელი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანია ფონდ „ქართუსთან“ ხელშეკრულების საფუძველზე, პირველ რიგში, ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი.

„ფონდ „ქართუს“ დახმარებით, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თბილისში ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოსაწყობად. სასიამოვნოა ასევე ის ფაქტი, რომ, რაც დედაქალაქს უკავშირდება, საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევს. თბილისში არაერთი პარკია, მათგან რამდენიმე ისტორიული ღირებულებისაა და საქალაქო მნიშვნელობის სტატუსი აქვს, მაგრამ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების მქონე მასშტაბური გასართობი პარკი, რაც არა მხოლოდ თბილისელებისთვის იქნება შეკრებისა და გართობის მიზიდულობის ცენტრი, არამედ ტურისტულ რუკაზეც აისახება. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო-დასასვენებელი ზონის შექმნაზე, სადაც დაგეგმილია, გაშენდეს ატრაქციონების პარკი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, საკონსულტაციო კომპანია LDP გასართობი ინდუსტრიისა და ტურისტული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზსა და სტრატეგიის შემუშავებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სარეკრეაციო და გასართობი სივრცის მშენებლობის დეტალური პროექტი მათ მიერ შემუშავებული კვლევების მიხედვით მომზადდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული მიმართულების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, თბილისის, როგორც თანამედროვე ევროპული ქალაქის იმიჯის გამყარებას და რაც მთავარია, შექმნის პოზიტიურ გარემოს, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა ასაკის ვიზიტორები დაისვენებენ და გაერთობიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით კი, ახალი პროექტი საქართველოს ბაზრისთვის პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.

„როგორც კონსულტანტები, ჩვენი როლია, ვმართოთ დიზაინის გუნდი იმისთვის, რომ შევქმნათ საკმაოდ ამბიციური პროექტი და კონცეფცია, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის რეალობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან. ვფიქრობ, მაქსიმალურად შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის განხორციელებას“, - განაცხადა ნატალი ბახლინმა.

ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე პროექტის შესახებ თბილისის მერმა პირველი განცხადება გასული წლის ოქტომბერში გააკეთა და თქვა, რომ 160 ჰექტარის ტერიტორიაზე დისნეილენდის ანალოგის მოწყობა განიხილებოდა.

რაც შეეხება ბრიტანულ კომპანია LDP-ს, მისი ვებგვერდის თანახმად, კომპანია დაკავებულია გასართობი და რეკრეაციული სივრცეების პროექტირება/კონსულტირების სამუშაოებით. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ პროექტები მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვთ შესრულებული, ხოლო მათ დამკვეთებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ DisneyLand-ი, Universal-ი, Marvel-ი, Seaworld-ი, Warner Bro's და სხვა მსხვილი კომპანიები, რომლებიც გასართობი პარკების ოპერირებით არიან დაკავებული.

ფონდ "ქართუსთვის", ეს თბილისში მსხვილი რეკრეაციული სივრცის მოწყობის მეორე პროექტი იქნება. პირველი პროექტი "თბილისის ცენტრალ პარკი", რომელიც ყოფილ იპოდრომზე ეწყობა ფონდმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ 2020 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების წინ დააანონსეს. ​​საუბარია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თითქმის 36 ჰექტარზე, სადაც პარკი 2 წელში უნდა მოწყობილიყო, თუმცა 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ადგილზე პარკი ჯერ არ გახსნილა და სამუშაოები გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები