თბილისსა და რეგიონებში გაზის გაზრდილი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება და ახალი ტარიფები ქვეყნის მასშტაბით 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს, - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა საუბრობს.
- ქალბატონო ირინა, რამდენად სამართლიანი ტარიფი მივიღეთ თბილისსა და რეგიონებში?
- თბილისთან დაკავშირებით საქმე უფრო მარტივად არის, რადგან აქ ტარიფი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ნახევარ თეთრზეა საუბარი. დერეგულირებას რაც შეეხება, ყაზტრანსგაზი არ იყენებდა შესაძლებლობას, რომ თბილისში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისთვის სხვა ტარიფი დაედგინა. დედაქალაქის მთელ მოსახლეობას ერთი და იგივე ტარიფი აქვს. ამიტომ ეს ცვლილება ყველას თანაბრად შეეხო. განსხვავებული მდგომარეობაა რეგიონებში, ’’სოკარ ჯორჯია გაზის“ და ’’საქორგგაზის“ არეალში აბონენტებს ტარიფი სხვადასხვა პროპორციით გაეზარდათ, ეს კომპანია თბილისისგან განსხვავებით, დერეგულირების უფლებამოსილებას იყენებდა და მას თუნდაც ერთი ადმინისტრაციული ერთეულის შიგნით განსხვავებული ტარიფები ჰქონდა. მაგალითად, ქუთაისში ოთხი განსხვავებული ტარიფია - დაწყებული 45 თეთრიდან დამთავრებული 60 თეთრამდე. ანალოგიურად არის ბათუმშიც და სხვა რეგიონულ ადმინისტრაციულ ერთეულში. ეს იმით არის განპირობებული, რომ ეს კომპანია სხვადასხვა რეგიონალური კომპანიების გაერთიანების ბაზაზე წარმოიშვა, ყოფილი კასპი გაზი, ქუთაისი გაზი და ა.შ. მათ თავიანთი ტარიფები ჰქონდათ, როდესაც ’’სოკარი“ ამ რეგიონალური კომპანიების სამართალმემკვიდრე გახდა, ეს ტარიფები გამოყვა. გარდა ამისა, ’’სოკარის“ არეალში დერეგულირების თემაც მუშაობდა, ანუ ერთია 2007 წლამდე კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები, რომელიც შედარებით ნაკლები იყო და მეორეა 2007 წლის სექტემბრის შემდეგ ამ არეალში დაერთებული მომხმარებლისათის ტარიფი რომელიც 50 თეთრიდან იწყებოდა, ამას უკვე კომპანია განსაზღრავდა. მაგალითად, - ყველაზე მაღალი ტარიფი არის ბორჯომი გაზში, რომელიც 63 თეთრამდეა ასული. ჩვენ გუშინ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ე.წ. რეგულირებაში მოქცეული მომხმარებლებისთვის, ტარიფი გაგვეთანაბრებინა. ენერგეტიკის სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ დერეგულირების ბრძანებას აუქმებს და შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ამ ორი კომპანიის არეალში მოქცეული მომხმარებლისათის ერთი ტარიფი იქნება და იგი დაახლოებით 57 თეთრის დონეზე დადგინდა.
- ბუნებრივი აირის ტარიფების გაზრდა ასეთი განსხვავებით რატომ მოხდა?
- ეს სამი განსხვავებული კომპანიაა სამი განსხვავებული ხარჯების სტრუქტურით. ყაზტრანსგაზის შემთხვევაში 2007 წლიდან დღემდე მოცულობითი ინვესტიცია არ არის განხორციელებული, - დაახლოებით 90 მილიონი ლარის ინვესტიციაა გაკეთებული, მაშინ, როდესაც დანარჩენ ორ კომპანიაში ჯამურად ინვესტიცია დაახლოებით ნახევარ მილიარდამდეა. სწორედ ინვესტიციები იძლევა იმ სხვაობას, რაც ამ ორი კომპანიის ტარიფებს შორის არსებობს. გარდა ამისა, ყაზტრანსგაზში არის გაზრდილი გასანაწილებელი ბუნებრივი აირის მოცულობა, რაც ასევე შემოსავალს გაზრდის.
- აღნიშნული ტარიფები 2018 წლამდეა ძალაში, ელოდებით თუ არა ამ პერიოდში, რომ კომპანიები სემეკს მიმართავენ?
- ჩვენ ლარის კურსზე კორექტირება გათვალისწინებული გვაქვს მეთოდოლოგიით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კურსი 2.8 ან პირიქით 2.2. იქნება, ეს ზარალიც და ეკონომიაც თავისთავად აუცილებლად აისახება ტარიფზე. ამიტომ განსაკუთრებულ რისკებს და განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავთ, თან წინა პერიოდი რომ შევაჯერეთ, საშუალო კურსი დაახლოებით 2.5-ია წლის დასაწყისიდან დღემდე. ჩვენი მხრიდან 2.5-ის აღება სწორი იქნებოდა, რადგან ეს კომპანიების საქმიანობას გაცილებით მეტ სტაბილურობას მიანიჭებდა. თუ რაიმე შეიცვალა, მეთოდოლოგია ითვალისწინებს, რომ კომპანიამ ნებისმიერ დროს შეუძლია კომისიას მიმართოს და ტარიფის გადაანგარიშება მოითხოვოს. ასე მოხდა 2015 წელს ’’ენერგო-პროსთვის“ როდესაც ჩვენ წლის ბოლოს არ დაველოდეთ და ტარიფები აპრილშივე გადავითვალეთ. მსგავს შემთხვევებს მეთოდოლოგია აზღვევს.

























