მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისმა, სოხუმმა და მინსკმა თანაცხოვრება უნდა შეძლონ - ლუკაშენკო ბჟანიას ხვდება

63f493edcfdb0
გიგა ბენია
21.02.23 14:07
1153
ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრა მინსკში მიმდინარეობს. შეხვედრაზე ალექსანდრე ლუკაშენკო ე.წ. აფხაზეთის მთავრობასა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობაზე საქართველოს მთავრობის რეაქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბელარუსსა და აფხაზეთს შორის მჭიდრო კავშირებმა აფხაზებსა და ქართველებს შორის მშვიდობას შეუწყოს ხელი.

"რატომაა რომ საქართველოს ხელისუფლება სწრაფად რეაგირებს ჩვენს შეხვედრებზე? ნუთუ, ხალხებსა და ერებს შორის ნორმალური, მეგობრული, თბილი ურთიერთობა არ შეიძლება? იქნებ, ჩვენმა შეხვედრებმა აფხაზებსა და ქართველებს შორის მშვიდობასა და მეგობრობას შეუწყოს ხელი?! ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, რასაც მიხეილ სააკაშვილს უკეთებენ, ცუდად ჩანს, მაგრამ ამაზე არასდროს გვისაუბრია. ჩვენ თბილისთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, სანერვიულო რა არის, ვერ ვხვდები, იქნებ თქვენ გაქვთ ამაზე პასუხი" - აღნიშნა ლუკაშენკომ ბჟანიასთან შეხვედრაზე.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთის იზოლაციაში ყოფნა არასწორია და "ორ მხარეს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს". როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, თბილისმა, სოხუმმა და მინსკმა ერთად თანაცხოვრება უნდა შეძლოს. 

"აფხაზი ერი ბელარუსებს სიხარულით მიესალმება. ჩვენ გვსურს, სოხუმის ზღვას ვსტუმრობდეთ - ეს რატომაა შეუძლებელი? ბელარუსები ხშირად დავდიოდით თქვენს ქალაქებში, თუმცა ისე მოხდა, რომ აფხაზეთი ჩვენგან მოწყვეტილია. რატომ არ შეიძლება ერთმანეთს ვსტუმრობდეთ? ჩვენ გიგანტური სახელმწიფოები არ ვართ, რომ გავიყოთ ქვეყნებად და ერებად. თბილისმა, სოხუმმა და მინსკმა თანაცხოვრება უნდა შევძლოთ, თქვენს ვიზიტში ამ გეგმას ვხედავ", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. 

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად მინკსში 20 თებერვალს ჩავიდა. ფაქტზე BMG საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც ოფიციალურ განცხადებას ელის. 

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ჩავიდა, რის გამოც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ ბელარუსის ელჩი უწყებაში დაიბარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები