მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისს 97 ახალი მეტროს ვაგონის მიწოდებას ჩეხური Skoda სთავაზობს

ვაგონი მეტრო შკოდა

თბილისის მეტროს 97 ახალი ვაგონის მიწოდებას ჩეხური შკოდა სთავაზობს - ამის შესახებ ცნობილი დღეს, ტენდერის წინადადებების გახსნის შემდეგ გახდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 210 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი 2024 წლის 15 ნოემბერს გამოაცხადა. ამასთან შკოდას სატენდერო ფასი არის 1 ლარი, რაც სავარაუდოდ არის სიმბოლურად დაფიქსირებული ფასი და რეალური ფასი წარდგენილ დოკუმენტაციაში არის დაფიქსირებული, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები ჯერჯერობით შესყიდვების სისტემაში ატვირთული არაა.

სატენდერო წინადადებები დღეს გაიხსნა. მასში სამი მიმწოდებელი ფიგურირებს. თუმცა არაა ატვირთული უშუალოდ რომელი მოდელების მიწოდებას ითვალისწინებენ წარდგენილი შეთავაზებები, რადგანაც შესყიდვების სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაცია მიბმული არაა.

ვინ სთავაზობს თბილისს ახალი ვაგონების მიწოდებას - ტენდერის სამი მონაწილე:

  1. ŠKODA TRANSPORTATION a.s. - 1 ლარი, ფასი სიმბოლურია და რეალური ღირებულება სავარაუდოდ ტექნიკურ დოკუმენტაციაშია მითითებული, თუმცა დოკუმენტაცია შესყიდვების სისტემაში ჯერჯერობით საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა.
  2. ჯი-თი გრუპ - 392.8 მილიონი ლარი, დოკუმენტაცია სისტემაში არ ჩანს, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია რომელი მწარმოებლის ვაგონების მიწოდებას ითვალისწინებს აღნიშნული შეთავაზება;
  3. ყაზახური კომპანია Kamkor Locomotive - 556 მილიონი ლარი, დოკუმენტაცია სისტემაში არ ჩანს, შესაბამისად უცნობია რა სპეციფიკაციის მატარებლების მიწოდებას სთავაზობს კომპანია საქართველოს. ასევე კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ჯგუფი ლოკომოტივების წარმოებაზე ფოკუსირდება და მათ პროდუქციის ჩამონათვალში მეტროს ვაგონები არ აქვთ. შესაძლოა წინადადებაში საუბარი იყოს სხვა მწარმოებლის მოძრავ შემადგენლობაზე და Kamkor Locomotive-ი მხოლოდ დილერის როლს ასრულებდეს, თუმცა ამ დროისთვის არც ეს არ არის ცნობილი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია 97 ახალი ვაგონის შესყიდვას 210 მილიონ ევროდ გეგმავს, საიდანაც 125 მილიონი ევროს დაფინანსება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხრიდან გამოიყოფა.

ტენდერის თანახმად, მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრებია:

  • 13 შემადგენლობა, რომელიც 4-ვაგონიანი იქნება;
  • 9 შემადგენლობა, რომელიც 5-ვაგონიანი იქნება.
  • ერთი ვაგონის სიგრძე 18.5-დან 19.5 მეტრამდე უნდა იყოს გადაბმის ჩათვლით;
  • მატარებლების ვაგონები ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს გამჭოლი გასასვლელით, შესაბამისად ერთი ვაგონიდან მეორეში მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი;
  • ვაგონის სიმაღლე 3.65 მეტრი, სიგანე კი 2.7 მეტრი უნდა იყოს;
  • ვაგონის მგზავრთა ტევადობა მაქსიმუმ 280 მგზავრი უნდა იყოს, რაც 5-ვაგონიან შემადგენლობაზე მაქსიმუმ 1,400 მგზავრია.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ვაგონების მიწოდების არანაკლებ 3 ტენდერი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 150 მილიონი ევრო უნდა იყოს. ტენდერის პირობების თანახმად, მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ყველა აუცილებელი სერტიფიკატი, რაც საქართველოს სარკინიგზო სისტემაში მიმოსვლისთვის არის საჭირო, რაც პირველ რიგში რკინიგზის 1520 მილიმეტრის სიგანის ხაზზე მოძრაობას უკავშირდება. ამასთან, მოთხოვნილ პარამეტრებს შორისაა გადაბმის, მართვისა და დამუხრუჭების სისტემების თავსებადობა მეტროს არსებულ ვაგონებთან, რათა კონკრეტულ შემთხვევებში მატარებლის გაჩერების ან სხვა საჭიროებების დროს, არსებულ (ძველ) მატარებელს შეეძლოს ახალ ვაგონებთან გადაბმა.

ამჟამად თბილისის მეტროში პირველ ხაზზე მოძრაობენ 4-ვაგონიანი შემადგენლობები, ხოლო მეორე ხაზზე 3-ვაგონიანი შემადგენლობები. თუმცა, მეტროს პირველი ხაზის სადგურების სიგრძე საკმარისია 5-ვაგონიანი შემადგენლობების მისაღებადაც შესაბამისად, ამ ტენდერის ფარგლებში ვაგონების მიღების შემდეგ მეტროს ძირითად ხაზზე უფრო მაღალი ტევადობის მატარებლები ივლიან. ასევე, ახალი მოძრავი შემადგენლობების ვაგონები ერთმანეთთან გამჭოლი გასასვლელით იქნება დაკავშირებული, რაც ვაგონებს შორის სივრცეში მგზავრებისთვის დამატებით ადგილებს შექმნის.

ტექნიკური აღწერის თანახმად, თბილისის მეტროს სადგურების პლატფორმების სიგრძე არის 100 მეტრი, შესაბამისად მიწოდებული მოძრავი შემადგენლობის სიგრძე უნდა მერყეობდეს 92.5 მეტრიდან 97.5 მეტრამდე. ამასთან, მატარებლის იატაკის სიმაღლე თბილისის მეტროს ვაგონის პლატფორმის სიმაღლის შესაბამისი უნდა იყოს.

ტენდერის ფარგლებში პირველი მოძრავი შემადგენლობების მიღება 2026 წლიდან უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სატენდერო კომისიას წარდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით არ უმსჯელია. შესაბამისად, უცნობია რომელი პრენტედენტები აკმაყოფილებენ როგორც გამოცდილების, ასევე ტექნიკური პარამეტრების მოთხოვნებს.

ŠKODA TRANSPORTATION a.s-ის მეტროს მოძრავი შემადგენლობების შესახებ

ŠKODA TRANSPORTATION a.s-ის ვებგვერდის თანახმად, კომპანიის მეტროს მოძრავი შემადგენლობები მიწოდებული აქვს ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას მეტროს სისტემისთვის, ასევე ვარშავის მეტროს სისტემისთვის და სანკტ-პეტერბურგის მეტროს სისტემისთვის. ამასთან, შკოდას მიერ მოხდა პრაღას მეტროს სისტემის ისტორიული ვაგონების (მეტროვაგონმაშის წარმოების ვაგონების) მოდერნიზაცია.

ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაციის მოძიება სხვა პრეტედენტი კომპანიების გამოცდილებისა და წარდგენილი შემადგენლობების აღწერის შესახებ შეუძლებელია, რადგანაც შესყიდვების სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაცია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.

ŠKODA TRANSPORTATION-ის მეტროს მოძრავი შემადგენლობები

თბილისის მერია მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზებას ჯერ კიდევ 2021 წელს გეგმავდა, რისთვისაც EBRD-ის დაფინანსებით 44 ვაგონის შესასყიდად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულ ტენდერში რუსულმა კომპანია "მეტროვაგონმაშმა" გაიმარჯვა, რომელსაც მერიას ახალ ვაგონებს 49 მილიონ ევროდ მიაწვდიდა. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მერიამ განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან მიწოდების ხელშეკრულებას აღარ გააფორმებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები