მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში 13-15 ნოემბერს IV საერთაშორისო კონფერენცია - „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ გაიმართება

კონფერენცია
29.07.25 12:11
650

2025 წლის 13-15 ნოემბერს, თბილისში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ორგანიზატორები კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ეროვნული ბანკი, სემეკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და კომუნიკაციების კომისია.

"კონფერენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს, რეგიონის მასშტაბით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის ფორმირების პროცესში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, ბიზნეს სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - აღნიშნავენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირის მონაწილეობით, სპეციალური პანელი ჩატარდება, სადაც სექტორულ ჭრილში, საქართველოში - კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, მიღწევები და გამოწვევები იქნება წარმოდგენილი.

კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დაგეგმილია 7 სესია და 3 საერთაშორისო პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეები შემდეგ ძირითად თემებზე იმსჯელებენ: კონკურენციის პოლიტიკის როლი ეკონომიკის რეგულირებულ სექტორებში; მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თანამედროვე მიდგომები; მომხმარებლის უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში; კონცენტრაციების კონტროლი თანამედროვე გლობალური დღის წესრიგის კონტექსტში; ინოვაციასა და რეგულირებას შორის ბალანსი; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებაში და ა.შ.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა კოლეგა უწყებებს შორის, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას და სისტემური თანამშრომლობის განვითარებას.

საერთაშორისო კონფერენცია 2022 წლიდან იმართება. გასულ წელს გამართულ კონფერენციას 12 ქვეყნის დელეგაცია, 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი და 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (ICN, UNCTAD, OECD, The EU DG COMP, The EU DG JUSTICE) ჩართულობით, გაიმართა 6 სამუშაო სესია და 2 საერთაშორისო პანელური დისკუსია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები