სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო 2026-2027 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 479 444 ლარია. წინადადებების მიღება 9 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს პირველი სემესტრის განმავლობაში იმ სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებას, რომლებსაც რეაბილიტაცია უტარდება, ან შენდება. გარდა ამისა, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფილი იქნებიან ის მოსწავლეები, რომელთა საცხოვრებლიდან უახლოესი სკოლა 2 კილომეტრითაა დაშორებული და ტრანსპორტირება ჭირს.
“ქვეპროგრამაში ჩაერთვება სკოლა/მოსწავლე, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საცხოვრებელი მისამართიდან ან შეკრების ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უახლოესი სკოლა დაშორებულია არანაკლებ 2 კმ-ით და სადაც, მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს ან მოძრაობის გრაფიკი თავსებადი არ არის სკოლის სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებულ გაკვეთილების განრიგთან ან/და მუნიციპალურ ტრანსპორტს არ შეუძლია მოემსახუროს ბენეფიციართა სრულ რაოდენობას.
ასევე, ქვეპროგრამაში ჩაერთვებიან მოსწავლეები, რომლებიც ცხოვრობენ ქ. თბილისის შემოგარენში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ან/და მიუსაფარ ბავშვთა სახლებში და საცხოვრებელი ადგილიდან უახლოესი სკოლა დაშორებულია 1,5 კმ.-ით და არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი ან თავსებადი არ არის სკოლის საათობრივ ბადესთან და აკმაყოფილებს კრიტერიუმების და პირობების „ა“ და „ბ“ პუნქტებს;
სკოლა და შესაბამისი სკოლის მოსწავლეები, სადაც მიმდინარეობს სკოლის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია/დემონტაჟი. ასევე, თუ არსებობს აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს დასკვნა სკოლის შენობის მდგრადობაზე, რომლის საფუძველზე სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია, რაც საფუძველია მოსწავლეების ტრანსპორტირების სხვა ალტერნატიულ, შესაბამისად განსაზღვრულ სკოლაში. აღნიშნულ. შემთხვევაში, ქვეპროგრამაში ჩაერთვება სარეაბილიტაციო სკოლა, სადაც სკოლებს შორის მანძილი (სარეაბილიტაციო სკოლასა და მიმღებ/მასპინძელ სკოლას შორის) განისაზღვრება არანაკლებ 1 კმ-ით. მოსწავლეთა ტრანსპორტირება მოხდება სარეაბილიტაციო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან/ტერიტორიამდე”, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტენდერით ტრანსპორტირებით 38 სკოლის მოსწავლეების უზრუნველყოფა იგეგმება. სია და განრიგი იხილეთ ბმულზე.




























