დღეს განვიხილავთ დედაქალაქის საბინაო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და იმ ეკონომიკურ ბარიერებს, რომლებიც მოქალაქეებს თბილისში ბინის შეძენის ან დაქირავებისას ექმნებათ. თბილისი ქვეყნის მთავარი ეკონომიკური და საგანმანათლებლო ცენტრია, აქ იქმნება ქვეყნის ეკონომიკის ნახევარზე მეტი (53%) და თავმოყრილია დაქირავებით დასაქმებულთა თითქმის 40%. სწორედ ამიტომ შიდა მიგრაციის ტემპი არ ნელდება: ბოლო აღწერით, დედაქალაქიდან გასულ ყოველ ერთ ადამიანზე თითქმის ექვსი შემოსული მოქალაქე მოდის. შედეგად, საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტი უკვე თბილისში ცხოვრობს. თუმცა ამ მიზიდულობის პარალელურად, საბინაო ბაზარი სულ უფრო მიუწვდომელი ხდება.
საერთაშორისო სტანდარტებით, თბილისის მოსახლეობის მეოთხედი - 104 ათასზე მეტი ოჯახი, გადატვირთულ პირობებში ცხოვრობს, ხოლო 16 ათასზე მეტ ოჯახში სამი და მეტი ადამიანი ერთ ოთახს იყოფს.
ეს პრობლემა, სინამდვილეში, სცდება უბრალოდ უძრავი ქონების ბაზარს და პირდაპირ ურტყამს ქვეყნის დემოგრაფიას, ახალგაზრდების დამოუკიდებლობას, სტუდენტების განათლებასა და სოციალურ უსაფრთხოებას.
სწორედ ამ მწვავე სურათს აანალიზებს „პროგრესული ფორუმის კვლევითი ცენტრის“ 2026 წლის ახალი კვლევა „საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა თბილისში“. იგი დეტალურად ზომავს, რა რეალური შესაძლებლობა აქვს მოქალაქეს, იპოთეკით იყიდოს ბინა თბილისის ყველაზე იაფფასიან (სამგორი), მედიანურ (დიდუბე) თუ ძვირადღირებულ (ვაკე) უბნებში, რამდენი წელი სჭირდება პირველადი შენატანის დაგროვებას და რა ტვირთად აწვება ოჯახებს ყოველთვიური ქირა.
სტუმარი: ანა მიხელიძე - კვლევის თანაავტორი, "პროგრესული ფორუმი"






























