მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება - შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა

9 აპრილის ქუჩა

მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლისის თვეში დასრულდება.

„ეს არის რუსთაველის გამზირიდან პავლე ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებული მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მიწისქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები, სადაც საჰაერო ელექტროსადენები განთავსდება, მოწესრიგდება ტროტუარები და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED სანათებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე შეიცვლება საავტომობილო მოძრაობის სქემაც.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები