1 წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 მილიონ 683 ათას კვ.მ ფართობის გზის საფარს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ მუშაობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამისთვის დახარჯულია 135 მილიონ ლარზე მეტი.
,,ასეთი მასშტაბური სამუშაოები, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში არ განხორციელებულა, თუმცა მომავალ წელს კიდევ უფრო მეტის გაკეთება იგეგმება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის ქუჩები და უბნები, სადაც მძიმე სიტუაციაა“, - განაცხადა კალაძემ.
მერის განცხადებით, ყველა ლოკაციაზე სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა გათავალისწინებული იყო საქვეითო ინფრასტრუქტურა - ახალი გაჩერებები, გადასასვლელები, ტროტუარები და ასევე ადაპტირდა ქუჩები შშმ პირებისთვის.
„ჩვენ შევცვალეთ მიდგომა და გზაგამყოფები, ე.წ. ბეტონის კუნძულები გვინდა, რომ მაქსიმალურად იყოს გამწვანებული, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. საპილოტე პროექტმა სააკაძის მოედანზე გაამართლა“, - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, რეაბილიტირებულ ლოკაციებზე მონტაჟდება ლედ-სანათები, რაც ელექტროენერგიის 60%-70%-იან ეკონომიას იძლევა.