მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ახალი რესტორანი "ელენესთან" გაიხსნა - "მთავარი იდეა სტუმრისთვის "სახლში ყოფნის" განცდის შექმნაა"

ელენესთან

თბილისში, გიგა ლორთქიფანიძის N7-ში მდებარე ახალი საოჯახო რესტორანი „ელენესთან“ გაიხსნა. ობიექტი უკვე ორი თვეა ფუნქციონირებს და მფლობელ ელენე ჩომახიძის თქმით, უკვე მოახერხა მომხმარებლის მიზიდვა.

„უკვე გვყავს სტუმრები, რომლებიც მეორედ, მესამედ, მეოთხედაც მოდიან. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი და სიგნალია. მოტივაცია არის თითოეული გაღიმებული სტუმარი. ღია სამზარეულო გვაქვს და ხშირად ვაკვირდები, რა რეაქცია აქვთ ჩემს კერძებზე - ეს მაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურად გავაუმჯობესო ხარისხი“, - აღნიშნა დამფუძნებელმა.

რესტორნის დამფუძნებელი BMGTV-სთან საუბარში ამბობს, რომ ობიექტი სტუმრებს ქართულ სამზარეულოზე დაფუძნებულ მენიუსა და ოჯახურ გარემოს სთავაზობს, სადაც აქცენტი არა მარტო გემრიელ კვებაზე, არამედ ემოციურ გამოცდილებაზეც კეთდება.

მისივე თქმით, კონცეფციის მთავარი იდეა სტუმრისთვის „სახლში ყოფნის“ განცდის შექმნა იყო.

„ეს არის საოჯახო რესტორანი, იმიტომ რომ ჩემი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ადამიანები ამ კვების ობიექტში რომ მოვიდოდნენ, ზღურბლს გადმოაბიჯებდნენ თუ არა, თავი ეგრძნოთ როგორც ჩემთან სახლში სტუმრად. ეს არ უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც უბრალოდ მოდიან, მიირთმევენ და მიდიან - აქ უნდა დააგროვონ მოგონებები და იყოს სიყვარულის თავშეყრის სივრცე“, - ამბობს ჩომახიძე.

ელენე კულინარიისადმი საკუთარ ინტერესს იხსენებს და აღნიშნავს, რომ იგი ოჯახიდან მოდის, ხოლო ამ სფეროში საქმიანობის დაწყების იდეა წლების განმავლობაში თან სდევდა: „ბაბუაჩემი იყო ფანტასტიკური მზარეული და ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორი სიყვარულით ამზადებდა. ყოველთვის მინდოდა მეც ამ პროცესის ნაწილი ვყოფილიყავი. ეს სურვილი წლების განმავლობაში მომყვებოდა და ბოლო 8-10 წელი სულ ვფიქრობდი საკუთარი კვების ობიექტის გახსნაზე“, - აღნიშნავს ის.

რესტორნის გახსნის გადაწყვეტილება კი, როგორც მფლობელი ამბობს, სპონტანურად, თუმცა გააზრებულად იქნა მიღებული: „ორი თვის წინ, როცა მეუღლესთან ერთად მომავალ გეგმებზე ვსაუბრობდით, ისევ წამოვიდა ეს იდეა. მისი მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა - მითხრა, ერთხელ მაინც უნდა ვცადოთო. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, მისი დიდი მოტივაციით გადავდგი ეს ნაბიჯი“.

როგორც მან აღნიშნა, რესტორანი ძალიან მოკლე დროში, სამ კვირაში მოეწყო: „ეს ყველაფერი, რაც დღეს აქ არის - სამზარეულოს აღჭურვილობიდან ავეჯამდე სამ კვირაში გაკეთდა. კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამატებელი, თუმცა უკვე დღეს, სრულფასოვნად ვმუშაობთ“.

ელენე ჩომახიძის თქმით, მის კვების ობიექტში მენიუ ძირითადად ქართულ კერძებს მოიცავს, რომლებიც მფლობელის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული. „მენიუში ის კერძებია, რაც პირველ რიგში, მე მომწონს. თუ მე მომწონს, მერე უკვე შემიძლია სხვასაც შევთავაზო. ამასთან, ობიექტში გვაქვს 3-4 საავტორო კერძიც, რომლებსაც წლების განმავლობაში ვტესტავდი ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე“, - ამბობს ჩომახიძე.

რაც შეეხება მომხმარებელს, მფლობელის შეფასებით, ქართველი მომხმარებელი საკმაოდ მომთხოვნია, რაც, მისივე თქმით, ხარისხის შენარჩუნებაში ეხმარება: „[მომხმარებელს] ისეთ კერძებს ვთავაზობთ, რომლებიც თითქმის ყველა ოჯახში მზადდება, ამიტომ სტუმრები კრიტიკულად აფასებენ. ეს ჩემთვის დადებითი ფაქტორია - მუდმივად ტონუსში მაყენებს. ყოველთვის ვთხოვ სტუმრებს უკუკავშირს, იქნება ეს დადებითი თუ კრიტიკული შეფასება“.

ჩომახიძე აღნიშნავს, რომ ქართული სამზარეულოს მიმართ ინტერესი მაღალია ასევე უცხოელი სტუმრების მხრიდან: „ძალიან აინტერესებთ კერძების წარმოშობა - მაგალითად, საიდან მოდის ხინკალი ან ხაშლამა. ხშირად ეს საუბრები ერთგვარ „გაკვეთილად“ გადაიქცევა. მიხარია, რომ უკვე გვყავს უცხოელი სტუმრებიც, რომლებიც კვირაში რამდენჯერმე მოდიან“.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჩომახიძე ეტაპობრივ განვითარებაზე საუბრობს: „ამ ეტაპზე, მთავარი მიზანია, რომ ამ ობიექტმა მოიკიდოს ფეხი და სტაბილური მომხმარებელი შევინარჩუნოთ. შემდეგ უკვე ვფიქრობ გაფართოებაზე. ახლო გეგმებში კი უფრო სეზონური კერძებისა და სასმელების დამატებაა, ასევე ინტერიერისა და ექსტერიერის გაუმჯობესება, რომ სტუმრებისთვის უფრო კომფორტული და საინტერესო გარემო შევქმნათ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები