თბილისში 10 დღის წინ ახალი საკონდიტრო კაფე "განჯინა" გაიხსნა, - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ საკონდიტროს დამფუძნებელმა, სოფო ჩიქოვანმა განაცხადა.
„განჯინა არის თანამედროვე, კონცეპტუალური საკონდიტრო, რომელიც პანდემიის პერიოდში დაიბადა და 2 წელი ონლაინ მუშაობდა. იმდენად შეუყვარდა ხალხს ჩვენი საკონდიტრო ნაწარმი, რომ გადავწყვიტე საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვკიდებოდი და კონდიტერია სიღრმისეულად შემესწავლა.
1 წლის წინ ჩავაბარე ესპანეთში, ბარსელონაში, საკონდიტრო სკოლა “ჰობმან”-ში, შეძენილი ცოდნით დავბრუნდი საქართველოში და გავხსენით "განჯინა“, - ამბობს სოფო ჩიქოვანი.
საკონდიტროს დამფუძნებლის თქმით, „განჯინაში“ არა მხოლოდ დესერტებს ამზადებენ, სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს ტკბილეულის შექმნაში მონაწილეობის მიღება თავადაც შეუძლია.
"„განჯინამ“ საზოგადოებისთვის თავის გაცნობა 120 ლარით დაიწყო. ამ თანხით ვიყიდეთ პირველი ღუმელი. ფიზიკურ სივრცეში ახლა 5 სახეობის დონატს ვთავაზობთ. ჯერ ახალი გახსნილები ვართ და ჩამოყალიბების პროცესში ვართ, ვაკვირდებით რაზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან. აგრეთვე გვაქვს მზა ტორტებიც,“ - აღნიშნავს სოფო ჩიქოვანი.
რაც შეეხება, „განჯინაში“ პროდუქციის ფასს: დონატები 3-5 ლარი ღირს, ტორტების ღირებულება კი საშუალოდ 70 ლარია და ფასში ტორტის დიზაინიც შედის.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „განჯინა“ ქალაქის ცენტრში, ფალიაშვილის N71-ში მდებარეობს და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, მომხმარებლებს ღამის მომსახურების სერვისსაც სთავაზობს. „განჯინაში“ ამ ამჟამად 12 ადამიანია დასაქმებული.