თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის პროექტში ამერიკული კომპანია General Electric ჩაერთვება, - ამის შესახებ BM.GE-ს პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი კომპანიის „თიბისი ჰოლდინგის“ თანამდამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.
რაც შეეხება დაფინანსებას, მისი თქმით, გერმანიის განვითარების ბანკმა უკვე გამოაცხადა, რომ 35 მილიონი დოლარის კრედიტის უზრუნველყოფას განახორციელებს პროექტისთვის.
ბადრი ჯაფარიძეს უჭირს თქმა, როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები;
მისი თქმით, აღნიშნულ პროექტზე ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს.
ცნობილია, რომ ჰოსპიტალის ოპერატორი „ინოვა ჯანდაცვის სისტემა" იქნება, რომელიც ინტეგრირებული ჰოსპიტალების ქსელია და ვაშინგტონის უდიდეს ნაწილს ემსახურება. ჰოსპიტალის მშენებლობისთვის 42 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება. პირველ ეტაპზე 80 საწოლზე იქნება გათვლილი და ისეთ სამედიცინო სერვისებზე გაკეთდება აქცენტი, რომელთა განვითარების დონე დაბალია და კვალიფიციური მომსახურების მისაღებად ქართველ პაციენტებს უცხოეთში გამგზავრება უწევთ. ჰოსპიტალში JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება. საერთაშორისო სტანდარტების პროექტს ერთობლივად განახორციელებენ “თიბისი ჰოლდინგი”, “კონტი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი.