ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, გოგი ჩიქოვანის ინფორმაციით, 2023-2025 წლებში დედაქალაქში ამტვერებადი მასალის მოპყრობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების 1468 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჯამურად 873 500 ლარის ჯარიმა გაიწერა. ამის შესახებ მან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ამტვერებადი მასალის მოპყრობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების აღსრულების ანგარიშის მოსმენაზე ისაუბრა.
„2023-2025 წლებში გამოვლენის მაჩვენებელი 1468 დარღვევას შეადგენს, ჯამური თანხით 873 500 ლარი. გამოწვევები არსებობდა, თუმცა 2019 წლიდან, როდესაც აღნიშნული მუხლები კანონმდებლობაში შევიდა, მუნიციპალიტეტმა მრავალი ღონისძიება განახორციელა, რათა ადმინისტრირება და აღსრულება ეფექტური ყოფილიყო - როგორც გამოვლენის, ისე რეაგირების კუთხით. საჭირო იყო ინსპექციის სტრუქტურის განახლება, თანამშრომელთა გადამზადება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. უკვე 2025 წლიდან დაემატა ახალი მიმართულება, რომელიც უშუალოდ ამტვერებადი მასალის დარღვევების გამოვლენასა და რეაგირებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, განსაკუთრებით გამოწვევებს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებების მხრიდან დარღვევები. ის მაგალითად იშველიებს, ბეტონმზიდ მანქანებს, სადაც ინსპექცია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გვაქვს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ დარღვევის იდენტიფიცირებისთვის“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მუხლი, რომელიც შეეხება მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა და რეალიზაციას : „დედაქალაქში ეს მიმართულება ადრე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა - საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებში ქაოსურად ხორციელდებოდა საქმიანობა, გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენებით. 2025 წელს აქტიური კომუნიკაცია დავიწყეთ ბიზნესსექტორთან, განხორციელდა ინვენტარიზაცია, შეხვედრები, კონსულტაციები და საინფორმაციო კამპანიები. 2026 წლის 1 იანვრიდან დავიწყეთ მონიტორინგი და უკვე არის კონკრეტული შედეგები - მოწესრიგდა საცხოვრებელი და სარეკრეაციო ტერიტორიები, თუმცა მონიტორინგი კვლავ გრძელდება“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისი ინფორმაციით, იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მონიტორინგისა და რეაგირების შედეგად 107 დარღვევაზე მოხდა რეაგირება. ქალაქში ასევე იდენტიფიცირებულია 14 მსხვილი არეალი, სადაც დასაშვებია აღნიშნული საქმიანობა, თუმცა ის უნდა ხდებოდეს დახურულ შენობებში, როგორც განთავსება, ისე რეალიზაცია.
„ცალკეული მუხლების მიხედვით, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება და ძარა გაურეცხავი ავტომანქანით, ამ შემთხვევაში სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული ტექნიკას ეხება საკითხი და ამტვერებადი მასალის გადაუხურავად ტრანსპორტირებას, 2023 წელს გვქონდა 590 შემთხვევა, 2024 წელს, შემცირდა მაჩვენებლები და ეს გამოიწვია ადმინისტრირების გაუმჯობესებამ. უკვე მთელი რიგი მიმართულებით კერძო სექტორი და ფიზიკური პირები ემორჩილებიან. 2025 წელს უკვე 228 შემთხვევა იყო, ანუ დინამიკა კლებადია. ეს უკავშირდება ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ისე ფინანსურ სანქციებს, რამაც გარკვეული შედეგი მოგვცა“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება, სველი წესით დამუშავების საკითხს, მისი შეფასებით, სველი წესით ამტვერებადი მასალის დამუშავება გარკვეულ პრობლემებს იწვევს, რადგან ღია პირობებში დამუშავება გარემოზე მავნე გავლენას ახდენს.
"აქ გამოვლენის მაჩვენებლები შედარებით ნაკლებია, ამასთან კლებადი დინამიკაა, ვინაიდან დარღვევები მცირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ჯარიმების მიმართულებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც კონკრეტული შედეგები მოგვცა - 38 შემთხვევა იყო 2023 წელს, 2024-2025 წელს კი 36 შემთხვევა დაფიქსირდა", - ამბობს გოგი ჩიქოვანი.
მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ამბობს, რომ ბეტონმზიდი მანქანების გადაადგილების დროს დარღვევების გამოვლენა რთულია: "აქ ცალკეული გამოწვევებია, რომელიც გამოვლენის საკითხს უკავშირდება, თუმცა გამოვლენის კუთხით, 2023 წელს - 19 შემთხვევა, 2024 წელს - 44 შემთხვევა, ხოლო 2025 წელს კი 57 შემთხვევა გვქონდა. ამ ბიზნესში ჩართულ პირებთან გვქონდა შეხვედრები, მათ შორის, ვინც უშუალოდ გადაზიდვებზე მუშაობენ და ცალკეული კუთხით, მუშაობამ გარკვეული შედეგი მოგვცა", - თქვა მან.




























