მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისში არის რაღაც ეკონომიკური ზრდის მსგავსი, თბილისის გარეთ ფაქტიურად ეკონომიკური კლება გვაქვს"

57999c2abc339
BM.GE
28.07.16 09:44
1278
NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილების არ ქონაა. 2009 წლიდან დღემდე საზოგადოების 5 ყველაზე ეროვნული საკითხი არ შეცვლილა. რატომ რჩება უკვე წლებია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უმუშევრობა და აქვს თუ არა მთავრობას პრობლემის გადაჭრის მექანიზმები,- თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვატო ლეჟავა საუბრობს.

-მექანიზმები რაც ხელისუფლებას შემუშავებული აქვს ან არ აქვს უმუშევრობის დასამარცხებლად რამდენად ეფექტურია და რამდენად რელევანტურად ართმევს მთავრობა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას თავს?

-სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას, მაგრამ მთავრობამ გარემო უნდა შექმნას ისეთი, რომ ბიზნესმა შექმნას სამუშაო ადგილები. ჩვენ აღნიშნული კვლევის პასუხები სიტყვა-სიტყვით არ უნდა მივიღოთ. ჩემი აზრით, სამუშაო ადგილები ადამიანის წარმოდგენაში ითარგმნება, როგორც ცხოვრების უკეთესი პერსპექტივა. ამდენად, ძირითადი დასკვნა, რაც ამ გამოკითხვიდან შეიძლება იყოს მიღებული და რაც წლიდან წლამდე დასტურდება არის ის, რომ უკეთესი ცხოვრების პერსპექტივის განცდა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ეკონომიკა მხოლოდ ციფრები არ არის. ეკონომიკა არის ის, როგორც მას ადამიანები თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში აღიქვამენ. როგორც ჩანს ადამიანთა უმეტესობა ამ პერსპექტივას, როგორც პოზიტიურსა და იმედის მომცემს ვერ აღიქვამს. ამიტომ მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ყალბი ასეული სამუშაო ადგილების შექმნა კი არ უნდა იყოს, არამედ ბიზნესისათვის იმ განცდის მიცემა, რომ ჩვენს ეკონომიკას მომავალი აქვს და მასში ინვესტირებით რისკების გაწევა ღირს, რასაც ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს.

- 18-დან 25 წლამდე პირების 67%, თავს დასაქმებულად არ თვლის. მთავრობა რამდენად ქმნის პირობებს, რომ ეს მაჩვენებელი შეიცვალოს?

- ახალგაზრდების ის პროცენტი, რომელიც ამბობს, რომ მას სამუშაო არ აქვს ადასტურებს იმას, რომ ეს უფრო აღქმაზეა. 67% ნამდვილად არ არის დაუსაქმებელი, მაგრამ ის დასაქმება, რომელიც შესაძლოა მას ჰქონდეს, არ აძლევს განცდას იმისა, რომ იგი წინ წავა, საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს, წარმატება ექნება, ოჯახის ღირსეულად არსებობის უზრუნველყოფას შეძლებს და ა.შ. ჩემი აზრით, მთავრობას ორი ამოცანა აქვს და უნდა იმოქმედოს, როგორც ექიმმა. პირველი ექიმის, ჰიპოკრატეს ფიცში არის, რომ არ ავნო. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მთავრობამ, სასათბურე პირობების შექმნამდე არ უნდა ავნოს ბიზნეს გარემოს და ინიციატივები არ შექმნას იმისათვის, რომ ბიზნესმენმა რისკის გაწევისგან თავი შეიკავოს. პოლიტიკა ბიზნესისთვის გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ახლა რაც გვაქვს ეს არის ეკლექტური პოლიტიკა, ანუ იუსტიციის სამინისტრო ერთს აკეთებს, ეკონომიკის სამინისტრო კი - მეორეს და პრემიერმინისტრი მესამეს საუბრობს. ერთიანი ნების არ არსებობა და გაუგებარი პოლიტიკა ართულებს სიტუაციას.

- ერთიანი ნება და მთავრობის მიდგომები ბიზნესის განვითარების საკითხში არის თუ არა მოწოდების სიმაღლეზე?

-მოწოდების სიმაღლეზე არის თუ არა ეს სტატისტიკამ უნდა აჩვენოს. როგორც ვხედავთ, ეკონომიკური ზრდა ძალიან ნელ-თბილი გვაქვს. ფაქტიურად 3%-ც არ არის, რაც ნიშნავს, რომ თბილისში არის რაღაც ეკონომიკური ზრდის მსგავსი და თბილისის გარეთ ჩვენ ფაქტიურად ეკონომიკური კლება გვაქვს. ჩვენმა ექსპორტმა შარშანდელ დაკლებულ მონაცემებთან შედარებით, კიდევ უფრო დაიკლო, ანუ არაფერი არ მეტყველებს იმაზე, რომ რამე შეიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები