არქიტექტორების სერტიფიცირება სავალდებულო თავდაპირველად, სავარაუდოდ, მხოლოდ თბილისში იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა განუცხადა, რომელმაც პარლამენტში ამ თემაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ხედვები გააცნო.
„სერტიფიცირების პროცესის აწყობას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შემდეგი წლის დაახლოებით, შუა პერიოდიდან ფიქრობს. ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ არქიტექტორებზე სერტიფიკატი ხუთ წელიწადში ერთხელ გაიცეს, თუმცა ეს დეტალია და ამ საკითხზე დამატებით შეიძლება შეთანხმება. მთავარი ის არის, რომ ჩვენ დღეს კონცეპტუალური საკითხები განვიხილეთ და ძალიან ზოგადად ვისაუბრეთ, თუ რა არის ჩვენი გეგმა და რა ტიპის სერტიფიცირების შემოღებას აპირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. ჯერ-ჯერობით, პარლამენტში მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა გვინდა, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტს უფლება მოგვეცემა, განვახორციელოთ და დავნერგოთ სერტიფიცირების სისტემა ჩვენს საზღვრებში და შემდგომ ბუნებივია, უკვე სერტიფიცირების წესებსაც დავამუშავებთ პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად“, - განმარტა თემურ ბოლოთაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, არქიტექტორებისთვის სერტიფიკატებს თბილისის მერია გასცემს, პროფესიულ გამოცდებს კი სავარაუდოდ, გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.
თემურ ბოლოთაშვილის განმარტებით, სერტიფიცირების გავლა სავალდებულო იქნება იმ არქიტექტორებისთვის, რომლებიც მერიაში საშუალო და მაღალი საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობების პროექტებს წარადგენენ.
„ამ პროცესის მაორგანიზებლად, გამოცდების ჩატარების კუთხით, გამოცდების ეროვნული ცენტრი გვაქვს მოაზრებული. სერტიფიკატის გამცემი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იქნება და ასევე, სერტიფიკატის გაუქმების, თუ შეჩერების შემთხვევების ადმინისტრირებას მერია უზრუნველყოფს. საერთო ჯამში, თბილისის მერიაში ძალიან მოქნილი ადმინისტრაციული წარმოების პროცესს მივიღებთ, ასევე, გამოყენების მხრივ, უფრო მეტად უსაფრთხო შენობა-ნაგებობებს, პროექტებსა და მხატვრულ-ესთეტიურ სახეს“, - აღნიშნა მან.

























