მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი ღვინის ბარი „დროშები ჩქარა“ იხსნება - რას სთავაზობს ინტერნაციონალური სივრცე სტუმრებს?

64b130c608415
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.23 15:27
1334
თბილისში, ელენე ახვლედიანის აღმართზე, 20 ნომერში ღვინის ახალი ბარი „დროშები ჩქარა“ იხსნება. საქართველოს მასშტაბით შეგროვებულ ღვინის სხვადასხვა სახეობებთან შეხვედრა სტუმრებს დღეს, საღამოს 6 საათიდან შეეძლებათ. სივრცე ორშაბათის გარდა ყოველ დღე, ადგილზე მისულ ადგილობრივ თუ უცხოელ მომხმარებელს 15 საათიდან ღამის პირველ საათამდე უმასპინძლებს.

ღვინის ბარი 50 მ²-ზეა განთავსებული და ერთდროულად 30-40 სტუმრის მიღება შეუძლია. ბარის გახსნის შესახებ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბექა კოკაიამ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგად BM.GE-ის დამატებით კითხვებსაც უპასუხა.

მისი ინფორმაციით, პარტნიორებმა პროექტზე მუშაობა გასული წლის დეკემბერში დაიწყეს. „დროშები ჩქარა“ ღვინის ბარი 1840-იან წლებში აშენებულ შენობაშია, რომელიც საბინაო წიგნაკის მიხედვით სომეხ ბიზნესმენს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი კომუნისტების დროს ბინებად დაიყო და შემდეგ ბარის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის რატი მუჯირის ბებიის ბინა იყო.

„როდესაც ბარის კონცეფცია შევქმენით და სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ, ვნახეთ, რომ იყო აგურის კედელი, რომელიც დამალული და ამოშენებული იყო, ანუ მივაგენით მე-19 საუკუნის ნაშთებს, რამაც პროექტით გათვალისწინებული დეტალები სრულად შევცვალეთ და ნაგებობის პირველადი სახის აღდგენა გადავწყვიტეთ. ამ პროცესმა დამატებით 2-3 თვე მოითხოვა. შედეგად შენობის ინტერიერის პირვანდელი სახის აღდგენა შევძელით“, - აღნიშნავს ბექა კოკაია.


ღვინის ბარი მომხმარებელს რეგიონების მიხედვით 40 ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოებს შესთავაზებს.

„მხოლოდ მცირე მარნებთან ვთანამშრომლობთ. ინდუსტრიული წარმოების ღვინოები არ იქნება, რადგან ჩვენთვის ბუნებრივი და ბიო ღვინოებია მნიშვნელოვანი. გვექნება დაფები, რომელიც თითოეული რეგიონის ღვინოსთან იქნება შესაბამისობაში მოყვანილი, რადგან ყველა რეგიონის ღვინოს თავისი თვისებები აქვს. მაგალითისთვის, დასავლეთ საქართველოს ღვინოებს ცინცხალი არომატები აქვს, აღმოსავლეთის ღვინოებს - დაძველების პოტენციალი, წითელი ღვინო სხვა ტიპის არის, ქვევრის კიდევ სხვა“, - განმარტავს ბექა კოკაია.



„დროშები ჩქარას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბარის სახელწოდებასა და მის კონცეფციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინტერნაციონალური ბარი სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებსაც შესთავაზებს.

„ბარში საქართველოს მეგობარი და მეზობელი, ევროკავშირის და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დროშებია წარმოდგენილი. ბარში სხვადასხვა მეგობარი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულების აღმნიშვნელი ღონისძიებები მოეწყობა, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებს მიეძღვნებათ და იმ ქვეყნის სამზარეულოს შესაბამისი დაფები იქნება წარმოდგენილი.

ბარში ასევე საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროინდელი დამოუკიდებლობის აქტია, რომ უცხოელები ერთგვარად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის ფაქტებს გაეცნონ. ასევე რატი მუჯირმა უკრაინის და საქართველოს დროშებზე, უკრაინაში თავისუფლებისთვის მებრძოლ მეომრებს მოაწერინა ხელი და ეს დროშები როგორც მემორიალი ისე გვაქვს გამოფენილი. ასევე ქართულ და ინგლისურ ენებზე გვაქვს გალაქტიონის ლექსი „დროშები ჩქარა“, - ამბობს თანადამფუძნებელი.

ღვინის ბარი შვიდ სამუშაო ადგილს ქმნის და მისი შექმნისთვის სრულად პარტნიორების პირადი ფინანსური რესურსია ჩადებული. დამფუძნებლები ამ კონცეფციის ბარების ქსელის განვითარებას მომავალშიც გეგმავენ: „გვინდა, ღვინის ბარი „დროშები ჩქარა“ მხოლოდ თბილისში და მხოლოდ საქართველოში არ იყოს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები