თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, სამგორი-ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი ნოემბრის ბოლოს გამოცხადდება. როგორც მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი სავარაუდოდ 2019 წლის ბოლოს იქნება მზად, მის მშენებლობას კი 2-3 წელი დასჭირდება. მისი ინფორმაციით, მეტროსადგური 150 ათას ადამიანს გადაიყვანს.
"ის ითვალისწინებს სრულიად ახალი, დამოუკიდებელი, მიწისზედა ხაზის მშენებლობას სამგორის მეტროსადგურიდან ლილოს ბაზრობამდე. სამგორის მეტროსადგურთან მიწისზედა არეალში მოეწყობა სრულიად ახალი მეტროსადგური, რომელიც დაუკავშირდება აქამდე მოქმედ სადგურს და იქნება ერთგვარი გადასაჯდომი სადგური. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ლილოს მიმართულებით და ასევე აეროპორტის მიმართულებით გადაადგილება. ამ სადგურის გარდა, ახალ ხაზზე მოეწყობა კიდევ შვიდი მეტროსადგური. დღის განმავლობაში ამ ხაზზე ელექტროტრანსპორტის 6 მოძრავი შემადგენლობა ივლის, პირველ ეტაპზე მოცდის დრო დაახლოებით 10 წუთი იქნება თუმცა, როგორც კი დავიწყებთ დამატებას მატარებლების მოცდის დროს შევამცირებთ. ყოველდღიურად გადაადგილებას შეძლებს დაახლოებით 150 000 მგზავრი.
გარდა ამისა, შეამცირებს ამავე მიმართულებით მოძრავი კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელს, საცობს და ჰაერის დაბინძურების დონეს.
ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვამზადებთ სატენდერო დოკუმენტაციას. დაახლოებით ვფიქრობთ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის გამოვაცხადოთ ტენდერი ამ საპროექტზე. დაახლოებით 2019 წლის მეორე ნახევარში გვექნება სრული პროექტი. ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიებს, ასევე, კომპანიებს, რომლებსაც მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ დაგროვილი.
პროექტის განხორციელებას დაახლოებით 2-3 წლი დასჭირდება",-აცხადებს კალაძე.
მისივე თქმით, მეორე ეტაპზე დაიწყება თბილისი-რუსთავის მიმართულებით მეტროს პროექტზე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა.
" რამდენად შესაძელებლი იქნება ამ პროეტის განხორციელება, თუ არის სირთულე, თუ არის რაიმე პრობლემა ყველაფერი გვეცოდინება. ამიტომ დაველოდოთ კვლევას და კვლევის შედეგად მიღებული ანალიზით შესაძლებელი იქნება ვიფიქროთ ამ პროექტის განხორციელებაზე სამომავლოდ -“ განაცხადა კალძემ.