მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ბოლო 5 წელიწადში პარკირების ადგილების რაოდენობა 958 ერთეულით შემცირდა

პარკირება

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა მზარდია. მომსახურების სააგენტოს რეალურ დროში მონაცემებით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში 1.964 მლნ ავტომობილზე მეტია რეგისტრირებული, რაც ბოლო 1 თვეში 16 000-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ ფონზე გამოწვევად რჩება პარკირება, განსაკუთრებით თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში.

ბოლო სტატისტიკით, თბილისში 28 516 საპარკინგე ადგილია, საიდანაც თითქმის ნახევარი ზონალური, ნახევარი კი არაზონალური საპარკინგე არეალია. შედარებისთვის, 2021 წელს 29 474 საპარკინგე ადგილი იყო.

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე BM.GE-თან აცხადებს, რომ დედაქალაქში საპარკინგე პოლიტიკა ბიზნესთან კოლაბორაციით ხორციელდება. მისი თქმით, ბოლო რეგულაციებით დეველოპერულ სექტორს აქვს კონკრეტული რაოდენობის საპარკინგე ადგილების მოწყობის ვალდებულება, რასაც ასრულებს. ტყემალაძე ამბობს, რომ მერია ქალაქში საპარკინგე პოლიტიკის განხორციელებას აპირებს, რომელიც მათ შორის გულისხმობს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის გაფართოებას.

“ბიზნესთან კოლაბორაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ზოგადად სატრანსპორტო პარკირების პოლიტიკაში და ჩვენ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციები გვაქვს მიღებული სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ყველა სამშენებლო ნებართვაში ძალიან მკაცრად არის განსაზღვრული პარკირების რაოდენობები, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ქალაქში პარკირებების პრობლემის გადაჭრასთან.

ეს იყო გააზრებული ნაბიჯი და ერთ-ერთი კომპონენტი საერთო პოლიტიკის, რომ ყველა ახალ მშენებლობაზე მკაცრად არის პარკირების სავალდებულო რაოდენობები განსაზღვრული. ბიზნესი ამას ძალიან კარგად შეხვდა და ჩვენ უკვე კარგი მაგალითები გვაქვს, როცა ახალაშენებულ მრავალბინიან სახლებში არა მხოლოდ მოსახლეობისთვის განკუთვნილი პარკირებაა, არამედ კომერციული პარკინგები, რომელიც ძალიან კარგი ტენდენციაა და სწორად ავითარებს ამ მიმართულებას.

ქალაქის მასშტაბით კვლავ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ზონალური პარკირებების ადგილების დამატებას. ეს არის ძალიან სწორი და უალტერნატივო მიმართულება, რომელიც აწესრიგებს ამ კუთხით მდგომარეობას", - ამბობს თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.

რაც შეეხება ჯარიმებს, 2025 წლის 6 თვეში თბილისში არასწორი პარკირების გამო 7 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა, რაც 5 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო, გამოწერილი ჯარიმები ბოლო წლების განმავლობაში იანვარ-ივლისის პერიოდში ასე გამოიყურება:

2021 - 2,135,828 ლარი

2022 - 2,294,965 ლარი

2023 - 9,371,318 ლარი

2024 - 10,209,374 ლარი

2025 - 7 588 944 ლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები