მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში “ბოლტისა” და “იანდექსის” პარტნიორი ტაქსის მძღოლების აქცია-მსვლელობა გაიმართა - რას ითხოვენ?

იანდექსი

დღეს, თბილისში “ბოლტისა” და “იანდექსის” აპლიკაციებით დასაქმებული ტაქსის მძღოლებისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების საერთო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა 12:00 საათზე ჰუალინგის დასახლებიდან დაიწყო და რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციით დასრულდა.

როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია მსვლელობის დაწყებამდე BMGTV-ის ეთერში განმარტავდა, პროტესტის მიზეზი ტარიფების პრობლემა და არასათანადო სამუშაო პირობები, მათ შორის ავტომობილებისა და მძღოლების უკონტროლობაა.

“პროტესტი დღეს არ დაწყებულა, რეალურად, რაც “იანდექსი” გამოჩნდა ბაზარზე, შინაგანი პროტესტი მუდმივად არსებობდა დასაქმებულებში. ხელშეკრულებაში, რომელიც მძღოლებს აპლიკაციებთან აქვთ გაფორმებული, უწერიათ “პარტნიორული ურთიერთობა”, თუმცა მათ შორის უნდა არსებობდეს შრომითი ხელშეკრულება. სხვანაირად, თუ მძღოლი პარტნიორია, მაშინ კომპანია გადაადგილების ტარიფებს. რეალურად ცალმხრივად არ უნდა წყვეტდეს, “იანდექსი” და “ბოლტი” ერთმანეთთან კომუნიკაციაში მძღოლებს ჩაგრავენ.

მაგალითად, ერთი მხრივ, თუ მგზავრმა დარეკა და საჩივარი განაცხადა, რომ რომელიმე მძღოლი მას სათანადოდ არ მოემსახურა, მძღოლი გაშავებულია და მეტიც, ის თანხა, რაც ბალანსზე ჰქონდა დაგროვებული, აღარ ერიცხება. გარდა ამისა, საქართველოში “იანდექსის” მძღოლებზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს, არავის აინტერესებს, მანქანა ვარგისია თუ არა, მძღოლი თუა ჯანმრთელი, რა ევალებათ მძღოლებს… “, - ამბობს ლავრენტი ალანია.

პროფკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემაა ასევე A და B კატეგორიების ლიცენზიების მქონე მძღოლების არათანაბარ პირობებში ყოფნაც. ტაქსის კომპანიებში დასაქმებულები აპროტესტებენ, რომ B კატეგორიის მძღოლებს, მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზირების ფასი იდენტურია, არავითარი პრივილეგია არ ეძლევათ, მათ შორისაა Bus Lane-ებზე მგზავრის აყვანისა და მანათობელი ტრაფარეტების დადგმის უფლებებიც. ლავრენტი ალანია ასევე განმარტავს, რომ პროტესტის მიზანია “იანდექსის” მომხმარებელი მძღოლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვაც, რადგან აპლიკაციას მათ პირად მონაცემებზე მუდმივი წვდომა აქვს.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში უკვე შევიტანეთ განცხადება, რომ ყველა ადამიანის, ვისაც “იანდექსის” აპლიკაცია აქვს გადმოწერილი, პირად მონაცემებს და ისტორიას კომპანია ფლობს. როდესაც “იანდექსი” საქართველოში შემოვიდა, აპლიკაციის პირველი ვერსია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არც აღიარებდა, არავინ იცის, რა კომპანიაა, ვინ დგას მის უკან, და არ შეიძლება, ადამიანების პერსონალურ მონაცემებს რაღაც კომპანია ფლობდეს. განცხადება წარმოებაში მიღებულია და მათ გადაწყვეტილებას ველოდებით”, - აცხადებს ლავრენტი ალანია.

ტაქსის მძღოლები ფიქრობენ, რომ საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაში გავრცელდება და ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიის მძღოლს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები