შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია თბილისში "წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პროექტის ორგანიზების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, UNESCO-ს ეგიდით პროექტის ღონისიების ორგანიზებაზე გამარტივებული წესით 2021 წლის აპრილიდან, 2022 წლის აპრილამდე 846 ათასი ლარი დაიხარჯება.
"წიგნის მსოფლიო დედაქალაქი (World Book Capital) მასშტაბური პროექტია, რომელიც UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2002 წელს დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
UNESCO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2021 წლის 23 აპრილიდან 2022 წლის 23 აპრილამდე, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი თბილისი იქნება. თბილისის მერიის სახელით წარდგენილი პროექტის თანახმად და ა(ა)იპ „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიზნების შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე ათზე მეტი ღონისძიების განხორციელება იგეგმება.
2021 წლის 23 აპრილს, პროექტი (ღონისძიება) საზეიმოდ გაიხსნება და თბილისი კუალა ლუმპურისგან წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ოფიციალურად გადმოიბარებს, გახსნის ღონისძიება გაფორმდება მუსიკალურად, ჩატარდება თეატრალური წარმოდგენა (პერფორმანსი).
გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყობა აქამდე უცნობი საარქივო მასალის გამოფენა; მწერალთა სახლში საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება;
პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საბავშვო მიმართულებას: ბავშვებისა და მოზარდებისთვის მობილური აპლიკაცია - „ინტერაქტიული წიგნები“ შეიქმნება; სასკოლო ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციისთვის საჭირო პროცედურები განხორციელდება; ქართული ზღაპრების თემაზე გამოფენა-ფესტივალი მოეწყობა;
ილუსტრატორებისა და დიზაინერებისთვის ახალი პლატფორმა შეიქმნება, რომელზეც დაახლოებით 50 მხატვარი იქნება წარმოდგენილი საკუთარი სტენდით. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე საგანმანათლებლო ღონისძიება/ვორკშოპი, წიგნების პრეზენტაციები, ავტორთან შეხვედრები ჩატარდება. ასევე, დაგეგმილია გასართობი ხასიათის მასობრივი ღონისძიებაც: თბილისის ძველ უბანში ლიტერატურულ-მუსიკალურ-სანახაობრივი წარმოდგენა გაიმართება, რომლის ცენტრალური თემაა ქართველი რეჟისორისა და ხელოვანის - სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება. ღონისძიებაში მონაწილეობას მსახიობები, მუსიკოსები და მწერლები მიიღებენ,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.