დამწყები მეწარმეებისთვის ახალი პლატფორმა Startup Market გამოჩნდა, რომელიც "მოძრავ სავაჭრო სირცეს“ წარმოადგენს. როგორ დაეხმარება სტარტაპებს პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები და როგორ უნდა მოხვდნენ მეწარმეები Startup Market-ზე, - თემაზე „ბიზნესკონტაქტი“ პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრს ეკო ჩუბინიძეს ესაუბრა.
- საიდან წამოვიდა იდეა სტარტაპ მარკეტის შექმნაზე და რას გულისხმობს ის?
- სტარტაპ მარკეტი არის ღონისძიებების ახალი პლატფორმა, რომლის მიზანია ქართული სტარტაპების ხელშეწყობა. ეს გულისხმობს მოძრავი სავაჭრო სივრცის მოწყობას, სადაც მოხდება ახალი პროდუქტების პრეზენტაცია და გაყიდვა. „ივენთები“ თავის მხრივ დატვირთული იქნება სხვა ტიპის აქტივობებითაც, რაც უფრო მრავალფეროვანს და სასიამოვნოს გახდის ამ პროცესს. ამ იდეაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ საორგანიზაციო ჯგუფი და კომპანია „ფილიპ მორის საქართველო“.
ჩვენი მიზანი იყო, გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც ბიძგს მისცემდა ინოვატორ და კრეატიულ ადამიანებს გადაედგათ პირველი ნაბიჯი და ეკეთებინათ თავისი საყვარელი საქმე.
- რა ტიპის სტარტაპებისთვის არის ხელმისაწვდომი "სტარტაპ მარკეტი"?
- ამ ეტაპზე პროექტში სამი ინდუსტრიის სტარტაპერების გაერთიანება მოხდა, ესენია: კვება, აქსესუარები და პროდუქტის დიზაინი. უახლოეს მომავალში იგეგმება სტარტაპმარკეტის დიდ ფესტივალებში ინტეგრირებაც, სადაც მოგვეცემა საშუალება, ახალი ინდუსტრიების სტარტაპერებიც დავამატოთ. კონკრეტულად რომელი თემებით წარვსდგებით შემდეგ ღონისძიებაზე, ამის შესახებ ინფორმაცია ძალიან მალე დაიდება სტარტაპ მარკეტის ფეისბუქის გვერდზე.
- რა ღონისძიებები იგეგმება წელს და სად?
- პროექტის პირველი ტალღა მოიცავდა სამ ივენთს, რომლებიც ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა ივლისში. რეალურად ამ დღეებმა დაგვანახა, რომ საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა, რამაც დაგვარწმუნა ამ პროექტის პოტენციალსა და თვითმყოფადობაში. როგორც უკვე აღვნიშნე ზაფხულის განმვლობაში სტარტაპ მარკეტი რამდენიმე დიდ ფესტივალზეც იქნება წარმოდგენილი.
- როგორ შეუძლიათ სტარტაპებს თქვენს სივრცეში მოხვდრა? როგორ ხდება მათი შერჩევა?
- ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოგვწეროს სტარტაპ მარკეტის ფეისბუქის გვერდზე და გაგვაცნოს საკუთარი წამოწყება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებითთითოეული მათგანი ჩავრთოთ პროექტში, თუმცა ამისთვის აუცილებელია სტარტაპი ქმნიდეს რაიმე განსხვავებულს და მომხმარებლისთვის პროდუქტის ან სერვისის მიწოდების ფორმა იყოს კრეატიული.
სტარტაპ მარკეტის სოციალურ მედიაში გამოჩენისთანავე ძალიან ბევრი სტარტაპერი გამოგვეხმაურა, რამაც საშუალება მოგვცა ერთიანი ბაზის შექმნაზე მუშაობა დაგვეწყო. ეს ბაზა დღითი დღე იზრდება, რაც თავისთავად მეტყველებს დიდ ინტერესზე.
- თქვენი აზრით ყველაზე მეტად დღეს რა კუთხით სჭირდებათ დამწყებ მეწარმეებს განვითარებას ხელშეწყობა საქართველოში, როგორია მათი განწყობა?
- პრომოუშენი ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კომპანიის ზრდისა და განვითარებისთვის, ამ კუთხით არც სტარტაპერები არიან გამონაკლისები, მეტიც, იქიდან გამომდინარე რომ მათი საკომუნიკაციო ბიუჯეტები საწყის ეტაპზე მცირეა, მათ დახმარება სწორედ ამ მიმართულებით სჭირდებათ. გარდა ამისა, ბუნებრივია არსებობს ბევრი სპეციფიური საჭიროება, რომელიც ალბათ ყველა ინდუსტრიისთვის ინდივიდუალურია.
შემოდგომაზე ვგეგმავთ საქართველოში პირველი სტარტაპ ექსპოს ორგანიზებას, რომელიც ათეულობით სხვადასხვა ინდუსტრიის სტარტაპერს უმასპინძლებს. ბუნებრივია, ამ მასშტაბის ღონისძიების წარმატებით ჩატარება აუცილებლად გახდება პროექტის გაგრძელების და განვითარების გარანტი.

























