თბილისში დღეს ვეფხისტყაოსნის მოტივებზე შექმნილი სასტუმრო „Rustaveli Boutique Hotel“ გაიხსნება. სასტუმროს ნომრები პოემის გმირებისა და უცხო ენაზე ცნობილი მთარგმნელების სახელს ატარებს, ინტერიერში კი მთავარი ადგილი შოთა რუსთაველისა და ტარიელის მსხვილ, ქვაში გამოსახულ პორტრეტებს უჭირავს, ერთ-ერთი კედელი ასევე ქვაზე, სამ ენაზე (ქართული,ინგლისური, ებრაული) შესრულებულ რუსთველის აფორიზმებს უკავია.
სასტუმროში, განთავსდება ბიბლიოთეკა, სადაც სტუმრებს შეეძლებათ საქართველოსა და ისრაელის ლიტერატურას გაეცნონ. ასევე, დამონტაჟებულ მონიტორზე იტრიალებს ვიდეორგოლები საქართველოს კულტურის, ხელოვნების, არქეოლოგიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ისრაელის სახლის ინფორმაციით, საქართველოს კულტურისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით,სასტუმროს ვიზიტორებისთვის (და არა მხოლოდ) შეიქმნა ორი პროექტი: კულტურისა და ექსკლუზიური „ველნეს“ ტურები. ტურებს მოემსახურებიან კვალიფიციური გიდები და ისრაელში სტაჟირებული სამედიცინო პერსონალი.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, შეიქმნა მცირე ბუტიკ-სასტუმრო, თუმცა მასში ჩაიდო 3,5 მილიონი პირადი ინვესტიცია ისრაელიდან, რაც კიდევ ერთხელ იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ისრაელიდან საქართველოში ორიენტირებულნი არიან მაღალი დონის პროდუქციის შექმნაზე.
„სასტუმრო შეიქმნა ვეფხისტყაოსნის მოტივების მიხედვით და ამით ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ კულინარიისა და ხედების, არამედ კულტურის ქვეყანა. აქ შემოსულ თითოეულ სტუმარს ეცოდინება რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ, გაეცნობა როგორც უძველეს, ასევე თანამედროვე ქართულ კულტურას, მიიღებს მაღალი დონის მომსახურებას, მოუსმენს ჯაზს, კლასიკურ მუსიკას, მიირთმევს მხოლოდ ჯანსაღ კერძებსა და სასმელს“, - აცხადებს იციკ მოშე.
ამჟამად საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ეგიდით თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების ხუთი პროექტი მიმდინარეობს. „Rustaveli Boutique Hotel“ ერთ-ერთი მათგანია, დანარჩენი კი რამდენიმე თვეში დასრულდება. ისრაელური ინვესტიციით პროექტების განხორციელება 2015 წლის აგვისტოში იერუსალიმში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობითა და თბილისის მერის მონაწილეობით ჩატარებულ ბიზნეს ფორუმზე გადაწყდა. ხუთივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 100 მლნ დოლარს აღწევს.

























