თბილისში ახალი ღვინის მაღაზია-ბუტიკი Wine Me გაიხსნა, სრულიად განსხვავებული კონცეფციით. როგორც სტარტაპის ავტორმა ელენე თხლაშიძემ Bm.ge-ს განუცხადა, მაღაზიაში მომხმარებლებს ღვინის ყიდვის გარდა უამრავ აქტივობას სთავაზობენ, მათ შორის Art&Wine ღონისძიებას, რომელიც ღვინის დეგუსტაციასთან ერთად მომხმარებელს, პარალელურად, თავისი ემოციის ნახატზე გადატანაში დაეხმარება.
"ორი დღის წინ ჩატარდა პირველი Art&Wine ღონისძიება, რომელსაც თბილისში ანალოგი არ აქვს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ რჩეული ნატურალური ღვინო და გადაიტანონ ემოცია ხელოვნებაში. მასტერ კლასს პროფესიონალი ინსტრუქტორი უძღვება, რომელიც მონაწილეებს სკეჩების გასაკეთებლად საბაზისო უნარებს გადასცემს. ამიტომ, არ არის საჭირო ხატვის ცოდნა, მთავარია სურვილი და ღვინის სიყვარული. მსგავსი ღონისძიება, სხვა ღონისძიებებთან ერთად ყოველთვიურად ჩატარდება“ - განაცხადა ელენე თხლაშიძემ.
მაღაზია-ბუტიკში მხოლოდ მცირე მწარმოებლების ღვინოები იქნება თავმოყრილი, რომელსაც ყიდვამდე მომხმარებელს აუცილებლად დააგემოვნებინებენ. გარდა ღვინოებისა, მომხმარებელს შეუძლია საჩუქრად სუვენირები და სხვადასხვა ქართული პროდუქტი შეიძინოს.
"ჩვენი მაღაზიის განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ჩვენ მხოლოდ ნატურალური და ორგანული ღვინო გვაქვს ასორტიმენტში, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს ნახოს რამდენი მცირე ოჯახური წარმოებაა საქართველოში და რამდენად შორს მიდის ქართული ღვინის წარმოება ზოგიერთ ოჯახურ მარანში. ჩვენ მზად ვართ ქართული ღვინო უცხოელ სტუმრებსაც გავაცნოთ, წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია დეგუსტაციის ჩატარება მცირე ტურისტულ ჯგუფებზე. ჩვენი გუნდი საუბრობს რუსულად, ინგლისურად და ქართულად“, - განაცხადა ელენე თხლაშიძემ.
ღვინის მაღაზია-ბუტიკი - ,,ვაინ მი” (Wine Me) ვერაზე, სიმონ ჯანაშიას და აკაკი ხორავას კვეთაზე მდებარეობს.

























