თბილისში ჯანსაღი, იტალიური სამზარეულოს სწრაფი კვების ობიექტი "პანუოცო" გაიხსნა. ახალი ობიექტის კონცეფციაზე BM.GE-სთან "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანა კენკიშვილი საუბრობს.
მისი განმარტებით "პანუოცო" "პომოდორისიმოს" ქვებრენდია, რომელიც ICR-ის გუნდმა საქართველოში იტალიელ პარტნიორებთან ერთად გახსნა.
"ჩვენმა გუნდმა იტალიელ პარტნიორებთან ერთად შექმნა ბრენდი „პანუოცო“, იტალიური ჯანსაღი სწრაფი კვების ობიექტი - "პომოდორისიმოს" ქვებრენდი, რომელიც უკვე 13 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. შეფებმა გაიარეს მასტერკლასები გრანიანოში, სადაც დაეუფლნენ ნამდვილ იტალიურ პანუოცოს მომზადების ტექნიკას.
მენიუდან გამოვარჩევდით ისეთ იტალიურ კერძებს როგორიცაა პანუოცო და მინი პიცა, რომელიც ცხვება შეშის ღუმელში, რაც თითოეულ კერძს სძენს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს. მენიუში ასევე შეხვდებით სალათებს, წვნიანებს, ბურგერებს, ვრეპებს, სმუზებს, ახლად დაწურულ წვენებს და ჩამოსასხმელ ტირამისუს პირდაპირ იტალიიდან. ყველა კერძი მზადდება ადგილზე, ღია სამზარეულოში ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და ნორმის დაცვით", - აღნიშნავს ანა კენკიშვილი.
"პანუოცო", მარკეტინგის ხელმძღვანელის განმარტებით, იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისაც სწრაფად და ჯანსაღად კვება სურთ: "პანუოცოს სეგმენტი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ სწრაფად, ჯანსაღად და გემრიელად დანაყრება. პანუოცოს ბრენდის მეშვეობით გვსურს შევქმნათ მაღალი ხარისხის სწრაფი კვების პროდუქტები".
"პანუოცოს" მენიუში საკვების ფასები ₾7.00-დან იწყება და ₾23.00-მდე იზრდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გამოყენებული ნედლეულის უმრავლესობა იმპორტირებულია.
"საფასო კატეგორიას რაც შეეხება ჩვენთან არის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასები. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ პიცაც და პანუოცოც ცხვება მაღალი ხარისხის იტალიური პროდუქტით შეშის ღუმელში. პროდუქტების უმეტესობა არის იმპორტირებული, რადგან თავად კერძები გვაქვს იტალიური და მოითხოვს იმპორტული პროდუქტების გამოყენებას. თუმცა პროდუქტების გარკვეული ნაწილი, რაც საქართველოს ბაზარზე გვხვდება მაღალი ხარისხით ვიძენთ ადგილობრივად.
"პანუოცოს" მეშვეობით გვსურს, ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი ხარისხის ნამდვილი იტალიური კერძები", - აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.
ახალი ობიექტი ჭავჭავაძის N33-ში ₾170 000-იანი ინვესტიციით გაიხსნა. სივრცე სწრაფი კვების ობიექტის პრინციპზეა გათვლილი და 15-მდე სტუმარს იტევს. კერძების გამოძახება კი "გლოვოს", "ვოლტისა" და "ბოლტის" აპლიკაციებითაა შესაძლებელი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას "პანუცოში" აღნიშნავენ, რომ მიზანი ბრენდის ქსელად ქცევაა: "გვსურს მომავალში ჩვენი ბრენდი წარმოდგენილი იყოს ქალაქის სხვადასხვა უბნებსა და, აგრეთვე, მოლებში".