გასულ კვირას თბილისში მაღაზია “#გადაეცი ემოცია” გაიხსნა, რომელიც ერთი კომპანიის ოთხ, ღვინის თემატიკისა და სამკაულების ბრენდს: Emocia-ს, Emocia Wines-ს, Wine Diamond-სა და “მარილას” - აერთიანებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, თამარ აბულაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, ახალი მაღაზია, რომელიც შოურუმთან ერთად, მცირე საწარმოსა და სახელოსნოსაც აერთიანებს, მსოფლიოში პირველია, რომელშიც ღვინის ქვის სამკაული იყიდება.
“მაღაზიას “გადაეცი ემოცია” ჰქვია, რადგან ის ოთხ ბრენდს აერთიანებს, თითოეული ბრენდის პროდუქციას კი წლებია ახლავს ეს “ჰაშთაგი”, რითაც ისინი ერთ კომპანიას უკავშირდებიან. ბევრი მომხმარებელი, რომელიც ონლაინ სივრციდან უკვე არ გვიცნობს, სწორედ ამ სახელის გამო შემოდის, აინტერესებთ, რა დახვდებათ. თუმცა ჩვენი ერთგული მომხმარებლები დიდი ხანია, ფიზიკურ სივრცეს ელოდებიან. ონლაინ შენაძენისას გვენდობოდნენ, რომ ჩვენგან უხარისხო პროდუქტს არ მიიღებდნენ და თანხას არ დაკარგავდნენ, მაგრამ ღვინის ქვის სამკაულის ადგილზე ნახვა, მოსინჯვა და ზომის განსაზღვრა გაცილებით კომფორტულია.
უნდა აღინიშნოს, რომ Wine Diamond-ის ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინის ქვის სამკაული მსოფლიოში უპრეცედენტო პროდუქცია იყო, ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ქართული ღვინისგან ის შექმნა. ეს კი მსოფლიოში პირველი მაღაზიაა, რომელშიც ღვინის ქვის სამკაულები იყიდება და აქტიურად ვცდილობთ, ეს მიმართულება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც განვავითაროთ”, - აღნიშნავს თამარ აბულაძე.
პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე შოურუმი, სახელოსნოსა და საწარმოსთან ერთად, ოფისსაც მოიაზრებს. კომპანიას დღეს 5 მუდმივი დასაქმებული ჰყავს, მისი დამფუძნებელი კი აღნიშნავს, რომ მაღაზიის გახსნა ბრენდების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.
“ბაზარზე პირველად 2020 წელს, პანდემიის დროს, “ემოცია”-ს ბრენდით გამოვჩნდით. მას შემდეგ ძალიან გავიზარდეთ, და თუ აქამდე სახელოსნო საკუთარ სახლში, ერთ ოთახში მქონდა, ახლა განვითარების ახალ საფეხურზე გადავედით და ფიზიკური სივრცის საჭიროებაც გაჩნდა”, - აღნიშნავს თამარ აბულაძე, თუმცა განმარტავს, რომ ელექტრონული კომერციის დახვეწას კომპანია კვლავ აგრძელებს.
Emocia Wines-ისა და Wine Diamond-ის ასორტიმენტი ღვინის თემატიკის სამკაულებსა და სუვენირებს აერთიანებს, რომელთა ღირებულებაც ₾89-დან იწყება და ₾380-მდე მერყეობს. “მარილას” ქართული ღვინის მარილის ფასი კი ₾23-დან იწყება. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ფასების კორექტირება არ იგეგმება.
“მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიის გახსნამ საოპერაციო ხარჯები ძალიან გაგვიზარდა, ჩვენ არსებულ ფასებს ვინარჩუნებთ. წლებია, ბაზარზე ყველაფერი ძვირდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასორტიმენტი, რომელიც იგივე ფასად იყიდება, რაც მაშინ ჰქონდა, როდესაც ბაზარზე შემოვედით. უბრალოდ, გაიზარდა ასორტიმენტი, სადაც მაღალფასიან ნივთებსაც შეხვდებით, რითაც ვაბალანსებთ ჩვენს შემოსავლებს, რომ კომპანია წამგებიანი არ იყოს”, - განმარტავს თამარ აბულაძე.
“#გადაეცი ემოცია”-ს დამფუძნებელი შოურუმის საინვესტიციო მოცულობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანიის შემოსავლის სრული წილი კვლავ მის განვითარებაში ბრუნდება.