გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება გაიმართა, რომლის მიზანიც ღირებულებებზე დაფუძნებული ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისებაა საქართველოში.
დაჯილდოება წელს 8 ნომინაციისგან შედგებოდა, სადაც 9 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულები ეკოსისტემის მოთამაშეებმა და წარმატებული სტარტაპების ავტორების მიერ დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი იყო და ზოგადად, სტარტაპ ეკოსისტემაში ის ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლად მიიჩნევა. სწორედ მისი სახელის უკვდავსაყოფად და იმ სიკეთეებისთვის, რასაც ის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისთვის აკეთებდა, მისმა მეგობრებმა ყოველწლიური სტარტაპ დაჯილდოება დააფუძნეს.