თბილისში ახალი კომპანია Planter ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს შიდა სივრცისთვის განკუთვნილ ჰაერის გამწმენდ მცენარეებსა და მათ მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობს. ობიექტი, რომელიც 19 ივლისს გაიხსნა, ნაფეტვრებში მდებარეობს.
მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე იაკობიძის თქმით, პროექტის შექმნის იდეა ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე დაკვირვების შემდეგ გაჩნდა.
„თბილისსა და სხვა ქალაქებში ჰაერის დაბინძურება აქტუალური საკითხია. დავფიქრდი, რომ შეუძლებელი იყო არ არსებულიყო მცენარე, რომელიც ჰაერს წმენდს. კვლევის შემდეგ აღმოვაჩინე შიდა სივრცის მცენარეები, რომლებსაც თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს“, - ამბობს იაკობიძე.
მისი თქმით, კომპანია მაღალტექნოლოგიურ სათბურში მოყვანილ მცენარეებს სთავაზობს მომხმარებლებს, თუმცა მთავარი განსხვავება არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ მომსახურების ფორმატია.
„ჩვენი მიმართულება კონკრეტულად ჰაერის გამწმენდი მცენარეებია. მომხმარებელს ready to use პროდუქტს ვთავაზობთ - მცენარე უკვე გადარგულია ხარისხიან ნიადაგში, დრენაჟითა და სასურველ ქოთანში. მისი ყიდვის შემდეგ დამატებითი გადარგვა და მომზადება აღარ სჭირდება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
Planter მომხმარებლებს დამატებით რამდენიმე სერვისსაც სთავაზობს, მათ შორის ქოთნების ხელით მოხატვას, QR-კოდს მცენარის მოვლის ინსტრუქციით, მცენარეების დროებით მოვლასა და ბიზნესებისთვის სააბონენტო მომსახურებას.
„თუ რესტორანს ან ოფისს გამწვანება სჭირდება, მცენარეებს ჩვენ ვარჩევთ, ვათავსებთ და შემდეგ რეგულარულად ვუვლით. საჭიროების შემთხვევაში დაზიანებულ მცენარეს უფასოდაც ვცვლით“, - ამბობს იაკობიძე.
მისივე ინფორმაციით, მცენარეების ფასი ზომის მიხედვით 25-70 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ინდივიდუალური სერვისების ღირებულება პროექტის მასშტაბისა და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრება.
კომპანია ამ ეტაპზე ხუთ ადამიანს ასაქმებს, მათ შორის აგრონომებს, დიზაინერს, გაყიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულების თანამშრომლებს. Planter-ის სივრცე ნაფეტვრებში მდებარეობს.
როგორც ალექსანდრე იაკობიძე აღნიშნავს, ობიექტი 19 ივლისს გაიხსნა და უკვე იწყებს კორპორატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას.

























