მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ჯანსაღი კვების ობიექტი გაიხსნა - რას შეიძენთ "ნუტრიოში"?

63bd764eaae64
BM.GE
16.01.23 09:59
1568
თბილისში ჯანსაღი კვების ახალი სერვისი „ნუტრიო“ ამოქმედდა. როგორც მისი დამფუძნებელი ლუკა ყაჭეიშვილი BM.GE-თან საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე მათი პროდუქცია მხოლოდ გამოძახების პლატფორმებზეა განთავსებული, თუმცა სამომავლოდ ადგილზე კვების სერვ0ისის ამოქმედებაც იგეგმება.

„ჩვენ შევქმენით ჯანსაღი კვების სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ გამოძახების პლატფორმებზე, „ვოლტზე“, „გლოვოზე“ და „ბოლტ ფუდზეა“ განთავსებული. ობიექტი თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე გვაქვს, სამომავლოდ კი მის გაფართოებას და ადგილზე კვების სერვისის დამატებას ვგეგმავთ.

საერთო ჯამში შვიდ ადამიანს ვასაქმებთ, აქედან სამი შეფ-მზარეულია, რომლებიც სხვადასხვა სახეობის კერძებს ქმნიან. გვაქვს გამომცხვარი ორაგული ბრინჯით, ორაგულის და კრემყველის ტაკოები, ქათმის კერძები, სალათები, კრემსუპები, საქონლის რამენი, ბადრიჯნის პაშტეტი, ხის სოკო და ვეგანური დესერტები“, - აცხადებს ლუკა ყაჭეიშვილი.

მისივე ცნობით, „ნუტრიოს“ შექმნისას სამი მთავარი მიზანი ჰქონდათ - მომხმარებლისთვის კერძების შემადგენლობაზე ინფორმაციის მიწოდება, ჯანსაღთან ერთად გემრიელი პროდუქტის შექმნა და ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნება.

„საქართველოში ძალიან ცოტა ჯანსაღი კვების ობიექტი არსებობს და მათ უმეტესობას კერძების შემადგენლობა მითითებული არ აქვს, მაგალითად დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ პროდუქტის შემადგენლობაში არსებული ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების რაოდენობა, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიეტაზე არიან და გახდომა ან წონაში მომატება უნდათ, ამიტომ ჩვენ სერტიფიცირებული პოლონელი ნუტრიციოლოგი დავიქირავეთ, რომელიც ამ შემადგენლობის შედგენაში დაგვეხმარა და ჩვენს ყველა კერძს ეს ინფორმაცია მითითებული აქვს.

ასევე, ჩვენი მიზანი იყო, რომ ჯანსაღთან ერთად გემრიელი კერძები შეგვექმნა, რომელსაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი ექნებოდა“, - განმარტავს „ნუტრიოს“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ლუკა ყაჭეიშვილის ცნობით, მათი კერძების საფასური საშუალოდ 15-30 ლარს შორის მერყეობს.

სერვისი დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა, თუმცა ყაჭეიშვილი აღნიშნავს, რომ თანხის ზუსტი ოდენობა დათვლილი არ აქვს, რადგან ობიექტის მოწყობა ეტაპობრივი ინვესტირებით მიმდინარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები