მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, კარგარეთელის ქუჩის "ეკო ქუჩად" გადაკეთების პროექტი გადაიდო

57ff62c1c9410
სალომე მეცხვარიშვილი
13.10.16 15:40
3240
თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე ეკო ქუჩის მოწყობის პროექტი გადაიდო. როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ „თბილისის განვითარების ფონდში“ განუცხადეს, ინოვაციური, მწვანე კონცეფციით კეთილმოწყობილი ქუჩის წელს მოწყობა არ იგეგმება.

გათვალისწინებული იქნება თუ არა თბილისის 2017 წლის ბიუჯეტში ქუჩის კეთილმოწყობისთვის თანხები, ფონდში ვერ აკონკრეტებენ.

ინოვაციური ქუჩის მოწყობა წლის დასაწყისში „ტექნოლოგიური განვითარების ფონდს" უნდა განეხორციელებინა, თუმცა, ფონდი მიმდინარე წლის აპრილში გაუქმდა. შედეგად, პროექტი „თბილისის განვითარების ფონდს“ გადაეცა.

თავდაპირველი პროექტით, კარგარეთელის ქუჩაზე მზის ენერგიაზე მომუშავე ნაგვის ურნების, გარე განათების, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის აპარატის და ინოვაციური მიწისქვეშა წყლის რეზერვუარის დამონტაჟება იგეგმებოდა.

უფრო კონკრეტულად, იგეგმებოდა ავტობუსების გაჩერებებზე, მოსაცდელ სკამებზე მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობის დამონტაჟება, სადაც მოქალაქეები შეძლებდნენ მობილური ტელეფონების დამუხტვას. მზის ენერგიას ასევე გამოიყენებენ ქუჩების გარე განათებისთვის. ქუჩაზე უნდა განთავსებულიყო ე.წ. ჭკვიანი სკამები ჰაერის დაბინძურების ამსახველი მონიტორით, სადაც დაბინძურების ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელთან ერთად, ამინდის შესახებ ინფორმაციაც გამოისახება.

სამუშაოები ასევე ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულიად გამოცვლას, ახალი გზის საფარის დაგებას, ბორდიურების მოწყობას, ფასადების რეაბილიტაციას, გამწვანების ახალ მეთოდებს - ახალი ხეებისა და მცენარეების დარგვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები