თბილისში კერძო საკუთრებები არის სამჯერ უფრო დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე ჩვენ განაშენიანებულ თბილისს აღვიქვამთ,-ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გენგეგმის საბოლოო ვერსია საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, მანამდე კი გენგეგმაში დაზუსტებები შევიდა.
"ყველა მთა და ფერდი, რომელიც თბილისს გარშემო აკრავს, თითქმის ყველა კერძო საკუთრებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განაშენიანების შემთხვევაში 3-4-ჯერ უნდა გაიზარდოს მომსახურეობა ახალი უბნების მიმართ. ანუ მთლიანად ამოწურული უნდა იქნას რეკრეაციული ფუნქციის მატარებელი ტერიტორია, რაც გენერალური გეგმით მიზანშეუწონლად არის მიჩნეული" -აცხადებს ბითაძე.
მისივე თქმით, მოქალაქეები, რომელთა საკუთრება გენგეგმით არასამშენებლო ტერიტორიაზე მოექცა, კომპენსაციას ან ადგილმონაცვლეობას მიიღებენ.

























