„ყაზტრანსგაზ–თბილისმა“ პურის ქარხნებისთვის გამონაკლისი დაუშვა და კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზის ფასის ზრდა მათზე არ აისახება.
ამის შესახებ BM.GE-ის „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
კომპანიის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება იყო.
„იმისთვის, რომ პური არ გაძვირებულიყო, პურის ქარხნებზე ეს გადაწყვეტილება არ აისახება“, – აღნიშნავენ „ყაზტრანსგაზ–თბილისში“.
თავის მხრივ, BM.GE–ის პურ–პროდუქტების საწარმო „იფქლში“ განუცხადეს, რომ მათ „ყაზტრანსგაზ–თბილისმა“, გამონაკლისის სახით, გაზის მოქმედი ტარიფის შენარჩუნების შესახებ, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ამცნეს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ კომერციული აბონენტებისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი 80.5–დან 86 თეთრამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი გაზი აღნიშნული სექტორისთვის „ყაზტრანსგაზ–თბილისმა“ 2018 წლის 16 სექტემბერს, 75-დან 80.5 თეთრამდე გააძვირა.

























