მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მიკროავტობუსების 30-მილიონიანი ტენდერის პრეტედენტი Hyundai-ია

5f4b4d77b36e0
შოთა ტყეშელაშვილი
30.08.20 10:47
7634
თბილისში ახალი მიკროავტობუსების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში  მონაწილე კომპანია Hyundai-ია, რომელიც დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიას H350-ის ტიპის 300 მიკროავტობუსის მიწოდებას სთავაზობს.

კომპანიის წარდგენილი წინადადების ღირებულება 30 მილიონი ლარია, შესაბამისად, ტენდერში ერთი მიკროავტობუსის ღირებულება 100,000 ლარს შეადგენს. შესყიდვის შემთხვევაში, მერია ამ მიკროავტობუსებს სარგებლობაში “თბილისის მიკროავტობუსს” გადასცემს, რომელიც დედაქალაქში მოქმედი კერძო სატრანსპორტო ოპერატორია. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ახალი მიკროავტობუსი 17 მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი.

24 აგვისტოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სატენდერო კომისიამ კომპანიის მიერ წარდგენილი წინადადება განიხილა. სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ შემსყიდველს Hyundai-ისთან ავტომობილის ტექნიკური პარამეტრების შესახებ არაერთი კითხვა აქვს, რის გამოც კომპანიას დამატებითი ინფორმაციის წარდგენა დაევალა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილ მიკროავტობუსებს, Hyundai-ს დაკვეთით, თურქული კომპანია Karsan-ი ამზადებს.

კერძოდ კი თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაინტერესებულია არის თუ არა ტენდერში წარდგენილი მიკროავტობუსი M2-ის სტანდარტის. კიდევ ერთი მოთხოვნილი ინფორმაცია ავტომობილის საწვავის ხარჯს უკავშირდება.

“სატენდერო კომისიის მიერ კომპანიების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე მოძიებულ და ტენდერის მოსამზადებელ ეტაპზე ბაზრის კვლევის ფარგლებში სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციებსა და სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მიერ სატენდერო წინადადებით შემოთავაზებული ავტობუსის Hyundai H350 (17+1 ადგილი) პარამეტრების დამადასტურებელ ინფორმაციად სისტემაში ატვირთულ და Hyundai Motor Company-ის გუნდის მენეჯერის/კომერციული ავტომობილის ექსპორტის გუნდი 1-ის დენი კიმის მიერ ხელმოწერილ წერილებში მოცემულ ინფორმაციებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობები და განსხვავებები იწვევს საფუძვლიან ეჭვს სატენდერო წინადადებაში მოცემული პარამეტრების სისწორეთან მიმართებაში,”- ნათქვამია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესყიდვის ტენდერი წელს ორჯერ შეაჩერა. ივლისში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ხელახლა გამოცხადებული ტენდერის შეჩერების მიზეზი სატენდერო წინადადების აღწერილობაში ცვლილებების შეტანა გახდა, რასაც პოტენციურ მიმწოდებელთა შორის კონკურენცია უნდა გაეზარდა.

შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული 29 მლნ-იანი ტენდერი აპრილის დასაწყისში შეჩერდა. მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, ახალი ტენდერით სატენდერო წინადადების მიღების დასრულება 3 აგვისტოს იგეგმებოდა.

მესამედ კი ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა და მასში წინადადების მიღების ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები