თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ბოლო წლებში დედაქალაქში აქტიური მშენებლობების მიუხედავად, კვლავ რჩება საკმარისი არეალები იმისთვის, რომ დეველოპერული პროექტები განხორციელდეს.
როგორც თემურ ბოლოთაშვილი BMG-სთან აცხადებს, ამ მიმართულებით დიდი პოტენციალია როგორც გენერალური გეგმით გათვალისწინებულ პილიცენტრებში, ასევე ყოფილი საწარმოო ტერიტორიების ნაწილში.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ბიზნესს ასევე შეუძლია ჩაერთოს ავარიული მშენებლობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებშიც.
“ზოგადად ქალაქში [მშენებლობების] შემდგომი განვითარება შესაძლებელია რამდენიმე მიმართულებით. ეს არის გენგეგმით განსაზღვრული პოლიცენტრები, სადაც აუცილებლად ინტენსიურად უნდა განვითარდეს [მშენებლობები] და ამის რესურსი არსებობს ქალაქში. ასევე ყოფილი საწარმოო ტერიტორიები, ე.წ. ბრაუნფილდები, რომლის ეფექტიანად ათვისებაც უკვე დაიწყო, რა თქმა უნდა, განაშენიანების რეგულირების გენგეგმით. ასევე ცალკე აღსანიშნავია ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამით განხორციელებული მშენებლობები, რომელიც ქალაქის მასშტაბით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია.
ავარიული შენობა-ნაგებობები დიდწილად არის განთავსებული ქალაქის უკვე განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თვითონ ქალაქის ცენტრში და რაიონებში, ოღონდ განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში, შიგნით კიდევ განვითარების რესურსი იქნება.
პოლიცენტრები არის რამდენიმე, გენგეგმით განსაზღვრული ისეთი არეალები, სადაც ინტენსიური განვითარება არის შესაძლებელი, ანუ სატრანსპორტო უზრუნველყოფაც არსებობს შესაბამისი, სხვა ინფრასტრუქტურაც არსებობს და ზოგადად იქ გენგეგმით განსაზღვრულია, რომ შესაძლებელია მაღლივი მშენებლობების განხორციელება.
მაგალითისთვის არის დიდი დიღმიდან გამოსასვლელის კვანძი, არის ასევე სამგორის რაიონში, არის რამდენიმე პოლიცენტრი განსაზღვრული, სადაც ინტენსიური განვითარება შესაძლებელია. ასევე დიდი მიმართულება მიიღო ორთაჭალის და ორთაჭალიდან გამავალი ფონიჭალის გზატკეცილზე განვითარებამ, შესაბამისად არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც მშენებლობები ხორციელდება. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ავარიული შენობების ჩანაცვლების რესურსი საკმაოდ დიდია. ჩვენ გვაქვს, პროგრამები, რომლითაც თვითონ მუნიციპალიტეტი ახორციელებს ჩანაცვლების პროგრამას, ასევე თავად ბიზნესსაც აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა ჩანაცვლების პროგრამაში.
ავარიული შენობების ჩანაცვლების რამდენიმე პროექტი განხორციელების ეტაპზეა, ცოტა წინ ვართ წასული თვითონ მუნიციპალიტეტის მხრიდან განსახორციელებელ პროექტებზე, დაახლოებით 25-მდე გვაქვს ასეთი პროექტი, თუმცა ბიზნეს სექტორის მონაწილეობითაც ათამდე ავალთ მალე”, - განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული ნებართვების ფართობი ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება. შემცირების ტენდენციით ხასიათდება გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობაც.


























