დღეს თბილისში, ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები სურსათის დანაკარგების შემცირებისა და დონაციის მექანიზმების გასაძლიერებლად შეიკრიბნენ.
ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ევროკავშირის პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში გაიმართა. ორგანიზაცია წერს, რომ ფორუმის მთავარი მიზანი სურსათის ჭარბი მარაგების იმ ადამიანებამდე მიტანაა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
საქართველომ FAO-სა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, სურსათის დონაციის ხელშემწყობი კანონი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ 2023 წელს მიიღო. აღნიშნული კანონის საფუძველზე, საჯარო ინსტიტუციები, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება ჭარბი სურსათის გადანაწილებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნასა და გამოყენებაზე მუშაობს, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო აკრედიტებული საცალო მოვაჭრეებისთვის ხელშემწყობ გარემოს ქმნის - ის შეწირულ სურსათს საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს.
„არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და კერძო სექტორის, სურსათის ბანკებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მზარდი ჩართულობის გათვალისწინებით, სურსათის დონაციის ეფექტური სისტემის საფუძვლები უკვე სახეზეა“, - აღნიშნა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.
ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერის, ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონის არსებობა, არამედ მიწოდების ჯაჭვისა და ინფრასტრუქტურის გამართვა. მისი თქმით, რესურსების დაზოგვა კლიმატის ცვლილების შერბილებასთან ერთად, ეკონომიკურ ხარჯებსაც შეამცირებს.
პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მაგალითად, საქართველოში პირველი სურსათის ბანკი „ენკენია“ და მსგავსი საქველმოქმედო ჯგუფები უკვე მუშაობენ ჭარბი სურსათის გადანაწილების პრაქტიკული მოდელების შექმნაზე.




























