დღეს, 13:00 საათზე, თბილისში, "მეიდანზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნება.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქცია - სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და ა.შ.
ამასთან, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

























