კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საპილოტე პროექტის სახით პარკირების ზონალურ-საათობრივი სისტემა ამოქმედდება.
პარკირების საფასური დაკავშირებული იქნება ადგილდმებარეობასთან და პარკირების საათებთან. მისი გადახდა ელექტრონული აპლიკაციით და სპეციალური აპარატებით მოხდება, რომლებიც პარკირების პუნქტებზე დამონტაჟდება. ახალი სისტემა თავდაპირველად, 1 ივლისიდან, ლესელიძისა და კოტე აფხაზის ქუჩაზე გაეშვება.
"მინდა ვისაუბრო მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის ზონალური საათობრივი პოლიტიკა. ზოგადად, პარკირების პოლიტიკა, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო ავტომობილების მოხმარების ზრდის ტენდენციების შეცვლა, რომელიც ამჟამად კერძო ავტომობილებისკენ არის გადახრილი. ჩვენ თუ გადავხედავთ აქაც სტატისტიკას, დავინახავთ, რომ კერძო ავტომობილების მოხმარება ანუ სწრაფვა კერძო ავტომობილის ყოლისკენ უფრო მზარდია. ეს უნდა შევცვალოთ და ჩვენ ამის გამომწვევი მიზეზები ვიცით.
ზონალური საათობრივი პარკირება არის ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დანერგილი მოდელია და ის მიიჩნევა ერთ-ერთ ქმედით საშუალებად სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. ჩვენც რაღაც ახალს და განსაკუთრებულ სიახლეს არ ვიგონებთ, გვინდა, რომ განვითარებულ ქვეყნებში განხორციელებული ეს პროექტი, საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ.
ჩვენ საკრებულოს გადავუგზავნით ზონალური საათობრივი პარკირების წესებს, რომელიც პირველ ეტაპზე საპილოტე მოდელის სახით, პირველი ივლისიდან ამოქმედდება რამდენიმე ქუჩაზე.
ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული. პირველი არეალი იქნება კოტე აფხაზის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა. ვმუშაობთ სხვადასხვა ლოკაციებზე, რომ დავნერგოთ ეს პროექტი. საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას. არ შეეხება გადასახადი ელექტრომობილებს და შშმ პირებისთვის იქნება ნულოვანი. ტაქსის მძღოლებისთვის კი, უკვე გამოყოფილია სპეციალური სადგომი ადგილები.
ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში 15-წუთიანი 4 ადგილით. საათობრივი საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილურით, ასევე სპეციალური გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა აკუმულირებული იქნება სატრანსპორტო კომპანიაში. მუნიციპალიტეტი გააძლიერებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდებას,"- ამბობს კალაძე.

























