"ჯინო ფერედაისი" ტაქსების ბიზნესში შედის. კომპანია აპირებს, თბილისში პირველი ელექტრომობილი ტაქსები შემოიყვანოს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რამაზ მიქაძემ განუცხადა, ელექტრო ძრავზე მომუშავე ტაქსები დედაქალაქში გაზაფხულზე გამოჩნდება.
მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისში 10 ტაქსს შემოიყვანენ, წლის განმავლობაში კი იგეგმება რაოდენობის 50-მდე გაზრდა.
რამაზ მიქაძის თქმით, კომპანიამ თბილისის მერიას უკვე მიმართა, დედაქალაქის მასშტაბით 10-11 ადგილი გამოყოს ელექტრომობილი ტაქსების პარკირებისთვის, სადაც თითო პარკინგზე 4-5 მანქანის განთავსება იქნება შესაძლებელი.
ტაქსების შემოსაყვანად კომპანიის წარმომადგენლები ხელშეკრულებას იანვარში დადებენ. რამაზ მიქაძე ავტომობილის მოდელს ჯერჯერობით არ ასახელებს და აცხადებს, რომ კომპანიას 3 ალტერნატივა აქვს.
რა ოდენობის ინვესტიციას ჩადებს კომპანია ტაქსის ახალ კომპანიაში, "ჯინო ფერედაისში" ჯერჯერობით არ ასახელებენ.

























