სექტემბერში, თბილისში Lagazi Bakery არტიზანულ კაფეს გახსნის. როგორც BM.GE-ის "ლაგაზის მარნის" დამფუძნებელმა ნათია მაჭარაშვილმა განუცხადა, არტიზანულ კაფეში მომხმარებელი შეძლებს დააგემოვნოს, აარჩიოს და შეიძინოს ორგანული ქართული ენდემური ხორბლის ჯიშებისგან დამზადებული პური და სხვა ბიო პროდუქტი.
„რამდენიმე დღის წინ ავიღეთ ხორბლის მოსავალი. დაახლოებით 1.5 ტონა მახა მივიღეთ და 250 კგ-მდე ზანდური, რომელსაც ისევ შევინახავთ და მომავალ წელს დავთესავთ. მახა უკვე იმ რაოდენობისაა, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ. აგვისტოში უკვე დამუშავებული გვექნება ხორბალი და შევეცდებით, სექტემბერში გავხსნათ ობიექტი, სადაც თავადვე გავყიდით ჩვენსავე გამომცხვარ პურს. რეალიზაციას მხოლოდ ამ ობიექტში მოვახდენთ, ამ ეტაპზე რაოდენობიდან გამომდინარე, სხვა ფორმით რეალიზაციაზე არ გვიფიქრია, თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავთ“, - ამბობს ნათია მაჭარაშვილი.
მისი თქმით, Lagazi Bakery თბილისში, 300 არაგველზე გაიხსნება, არტიზანული კაფესთვის შენობა ოჯახის საკუთრება იყო, ხოლო მის მოსაწყობად 100 000 ლარის ინვესტიციის ჩადება მოუწიათ. ნათია მაჭარაშვილი ამბობს, რომ კაფეში წარმოდგენილი იქნება ორგანული პური, ღვინო, ფუნთუშეული, და ქართველი ფერმერების თარო, სადაც ორგანული პროდუქცია განთავსდება.
"Lagazi Bakery-ში მომხმარებელს მე და შოთა [ლაგაზიძეების მარნის დამფუძნებლები] დავხვდებით. გავაცნობთ ინფორმაციას ქართული ხორბლის შესახებ. ჩვენთან ადამიანი მოვა არა მხოლოდ პურის საყიდლად, არამედ მის დასაგემოვნებლად. რაც შეეხება საფასო კატეგორიას, ჯერ ზუსტად განსაზღვრული არ გვაქვს, გვინდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - განაცხადა ნათია მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ნათია მაჭარაშვილი და შოთა ლაგაზიძე წლების წინ, ალვანში გადავიდნენ საცხოვრებლად და პირადი ფინანსური ინვესტიციით ქართული ხორბლის წარმოება დაიწყეს.