მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ქსელური მარკეტების უკრაინული ბრენდი OnePrice გამოჩნდა

6412fc1b4e584
თინათინ ნატმელაძე
16.03.23 13:01
12808
თბილისში ქსელური მარკეტების უკრაინული ბრენდი OnePrice გამოჩნდა. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი მაია ჯანგულაშვილი BM.GE-სთან ჰყვება, პირველი ფილიალი 2023 წლის იანვარში გახსნეს, ორი თვის შემდეგ კი ქალაქის მასშტაბით უკვე შვიდ ფილიალს ფლობენ, სულ მალე კი მერვე ობიექტსაც გახსნიან.

„OnePrice-ის ისტორია 2018 წლიდან კიევში, უკრაინაში იწყება და კომპანიას 100-მდე მაღაზია აქვს. საქართველოში ორი თვეა, რაც გამოვჩნდით და ამაზე არ ვჩერდებით, უახლოეს მომავალში ახალ ფილიალს აღმაშენებლის გამზირზე გავხსნით. ბიზნეს გეგმით გათვალისწინებულ გეგმას 3-დან 6 თვის ვადაში შევასრულებთ და თუ ყველაფერი სწორად წარიმართა, თბილისის ყველა უბანს ავითვისებთ და ამასთან ერთად რეგიონებშიც გამოვჩნდებით.

პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს, როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან, ვახორციელებთ პირდაპირ იმპორტს, თუმცა ადგილობრივ დისტრიბუტორებთანაც ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა მაია ჯანგულაშვილმა.

მისივე ცნობით, კომპანია კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრებას დაბალი ფასებით და განსხვავებული პროდუქციით ახერხებს.

„ჯერ ახლები ვართ, თუმცა ვფიქრობთ სულ მალე OnePrice ბაზარზე ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე იქნება. კონკურენტებისგან ის გამოგვარჩევს, რომ აქ ყველაფერია ერთ სივრცეში - სახლის ინვენტარი, სამზარეულოს აქსესუარები, ქიმია, სათამაშოები, თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა, საკანცელარიო ნივთები, ბავშვის ჰიგიენა,სათამაშოები, ზოოპროდუქცია, ელექტრო ხელსაწყოები, საკვები პროდუქტები, სასმელები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გვაქვს ექსკლუზიური პროდუქციაც, მაგალითად Tonino Lamborghini-ს პროდუქცია, რომელიც სხვა ქსელებში არ არის.

„დიდი არჩევანი, დაბალი ფასები“ - ეს კომპანიის სლოგანია და ვფიქრობ, პასუხობს კომპანიის პოლიტიკას. ეს არ არის მხოლოდ სლოგანი, სლოგანისთვის, ჩვენთან რეალურად პროდუქციის რეგულარული ფასი კონკურენტებთან შედარებით, დაბალია“, - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.

კითხვაზე, რის ხარჯზე ახერხებს კომპანია დაბალი საფასურის შენარჩუნებას, მისი წარმომადგენელი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

OnePrice-ის მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესება მალევე მოახერხეს და პირველ ეტაპზე მხოლოდ სიახლით დაინტერესებული მომხმარებლები შემდეგ ჯერზე ყოველთვის უბრუნდებიან.

მაია ჯანგულაშვილი ამბობს, რომ ქართული ბაზარი უცხოური კომპანიებისთვის საკმაოდ საინტერესოა, აქ ბიზნეს პროცესები გამარტივებულია, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

კომპანია ამჟამად 100-მდე კადრს ასაქმებს, რომელთა რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები